დაპატიმრებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად ხვალ, 11:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით თეთრხალათიანების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორია ყველა სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელს მოუწოდებს, სამუშაო ადგილებთან თეთრი ხალათებით შეიკრიბონ და 5 წუთიანი საპროტესტო აქცია გამართონ.
აქციის მთავარი გზავნილია – „თავისუფლება გიორგი ჩახუნაშვილს!“
ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანია დაკავებული ექიმის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა და პროფესიული საზოგადოების ერთობის დემონსტრირება.
“საქართველოს კლინიკების ასოციაცია აღშფოთებულია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან ასეთი ღვაწლმოსილი, გამოცდილი და საპატივცემულო ექიმი, პედიატრი, კარდიორევმატოლოგი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი იქნა უდანაშაულოდ დაკავებული. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კლინიკების ასოციაცია მოუწოდებს საქართველოში მოქმედ ყველა კლინიკას და ამბულატორიას სოლიდარობის ნიშნად ხვალ დილით 11:00 საათზე ჩავატაროთ თეთრახალათოსანთა 5 წუტიანი სოლიდარობის კონსილიუმი. ყველანი თეთრი ხალათით კლინიკებთან დავდგეთ ერთი მოწოდებით: თავისუფლება და სოლიდარობა გიორგი ჩახუნაშვილს!” – განაცხადა ვილი პაჭკორიამ.
ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი – ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
