საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი ქართული პროდუქცია ჩინეთსა და რუსეთში იყიდება – ინფორმაციას bmg საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ 2026 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 66.1%-ით გაიზარდა და რეკორდული 1.9 მლრდ აშშ დოლარი იყო.
ამ პერიოდში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ 3.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.8%-იანი წლიური ზრდაა. მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 62.1%-ია.
გამოცემის ცნობით, იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 66.9% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (317.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (229 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (207.2 მლნ. აშშ დოლარი).
bmg-ს ცნობით,ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია წარმოდგენილი 352.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 255.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.3%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 130.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.8%).
