ელენეს თურქი ექიმისგან აქვს დანიშნულება და ეს შესასრულებელია, მედიკამენტები როდის და რა დოზით მიიღოს – ეს მედიკამენტები, რომლებიც მან უნდა მიიღოს, ან ახლობლებს უნდა შეატანინონ, ან სახელმწიფომ უნდა იყიდოს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ამავე კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აქაური სპეციალისტების კონსულტაციები არავის არ სჭირდება, რადგან არსებობს დანიშნულებაც და ექიმიც, რომელიც პროცესებს მართავდა.
„ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, სანამ დააკავებდნენ. აქვს რთული დაავადება. ეს არ არის ხელწამოსაკრავი თემა. სერიოზული პრობლემებია და სერიოზული მკურნალობა სჭირდება. მკურნალობა ელენემ საქართველოში სცადა, მაგრამ აქ წესიერად ვერც დიაგნოზის დასმა მოხერხდა და ვერც მკურნალობის ჩატარება.
ელენეს თურქი ექიმისგან აქვს დანიშნულება და ეს შესასრულებელია, მედიკამენტები როდის და რა დოზით მიიღოს. ეს მედიკამენტები, რომლებიც მან უნდა მიიღოს, ან ახლობლებს უნდა შეატანინონ, ან სახელმწიფომ უნდა იყიდოს. ჰყვებიან, რომ კონსულტაციები ჩაუტარდა და ეს არავის არ აინტერესებს, მნიშვნელობა აქვს იმ დანიშნულებას, რომელიც თურქმა ექიმმა შეადგინა.
ელენეს შემთხვევაში ამას პრინციპული და სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.
რაც შეეხება ელენეს ქვეყნიდან სამკურნალოდ გაყვანას, ამაზე ელენეს პოზიცია ვიცით, მაგრამ მგონია, რომ ეს საკითხი, საბოლოოდ ელენეს ახლობლების გადასაწყვეტია.
არავის არ სჭირდება აქაური სპეციალისტების რაღაც კონსულტაციები და 2 კვირაში ერთხელ შესვლები და ნახვები. დიაგნოზი დადგენილია და არსებობს ექიმი, რომელიც პროცესს მართავდა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც მან აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და აღნიშნა, რომ „ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის, სამედიცინო სერვისით“.
