აშშ-მა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რამდენიმე მიგრანტი დაადეპორტა, საკამათო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, განახორციელოს იმ მიგრანტების დეპორტაცია, რომელთა სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელია, – ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლუიზიანადან ავიარეისი, რომელშიც ოცზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის ირანელი პრო-დემოკრატი აქტივისტი, ხუთშაბათს საღამოს აფრინდა.
ირან-ამერიკის სამართლებრივი დაცვის ფონდის დროებითი აღმასრულებელი დირექტორის, ალი რაჰნამას თქმით, ავიარეისზე სხვა მიგრანტებს შორის იყვნენ იორდანიის, სომხეთის, თურქეთის, საქართველოს და ავღანეთის მოქალაქეები.
თვითმფრინავი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში, ბანგიში დაეშვა. აშშ-ის საელჩოსთან დაახლოებულმა წყარომ Associated Press-ს განუცხადა, რომ მიგრანტების ნაწილი დროებით მშენებარე საელჩოს კომპლექსთან ახლოს მდებარე მეხანძრე-მაშველების ბაზაზე, სხვები სხვა ადგილებში განათავსეს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ხელი მოაწერა რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც მესამე ქვეყნების იმ დეპორტირებული მოქალაქეების დეპორტაციის საშუალებას იძლევა, რომლების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება ვერ ხერხდება. უფლებამოსილი ჯგუფების განცხადებით, შეთანხმებების კანონიერება დიდწილად ეჭვქვეშ დგას, თუმცა ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ ისინი იურიდიულად დასაბუთებულია.
