10 წლის გოგონას დაცემა პირდაპირ ეთერში – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელმძღვანელს ეკისრება.
ლაშა ტუღუშის თქმით, არხის შიგნით ვითარება იქნება ძალიან რთული, რადგან “ეს არ არის ისეთი საკითხი, სადაც კლიშეებით მუშაობენ” და მდგომარეობა ნამდვილად ძალიან რთულია.
მოვითხოვეთ, რომ ხვალვე გაიმართოს შეხვედრა და მოწვეული იქნეს დირექტორი და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელები იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობაა ეს პირველ რიგში და არა მარტო იმ ნაწილის, რომელიც არის მოწვეული.
ჯერ-ჯერობით არაფერი არ მიმიღია მე პასუხად [ვასილ მაღლაფერიძისგან], ველოდები კიდევ რა პასუხი იქნება ამასთან დაკავშირებით.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ვითარება იქნება ძალიან რთული შიგნით იმიტომ, რომ ეს არ არის ისეთი საკითხი, სადაც კლიშეებით მუშაობენ, რომ ეს პოლიტიკურია და ა.შ., ეს არის ის თემა, რომელმაც დააჯანჯღარა მთელი საზოგადოება იმიტომ, რომ ბავშვებს ეხება და აქ ნამდვილად ძალიან რთულია მათი მდგომარეობა.
ვიმეორებ, პასუხისმგებელი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის ხელმძღვანელი,” – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ახსნა განმარტებებს ელოდებიან.
ცნობისთვის, 9 ივნისს, გავრცელდა ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მიერ გადაღებული ვიდეო, საიდანაც ჩანს, რომ ბავშვი დაეცა, ხოლო ამ ფაქტის შემდეგ, ნომერი ჩვეულებრივ გაგრძელდა და მოზარდი მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში იატაკზე იწვა.
10 წლის გოგონას დედა, თამარ აკობია ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ ბავშვს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.
ქალის თქმით, მისი შვილის დაცემის შემდეგ ადგილზე მყოფმა პასუხისმგებელმა პირებმა სათანადო რეაგირება არ მოახდინეს, ბოდიში არ მოუხდიათ და მომხდარის მნიშვნელობას დღემდე ვერ აცნობიერებენ. მშობელი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე სამართლებრივ დავასაც დაიწყებს.
