დიდ ბრიტანეთში სასამართლომ დამნაშავედ ცნო 61 წლის რაკლინგ რამსეი, რომელმაც თავი ტაქსის მძღოლად გაასაღა, 19 წლის გოგონა გაიტაცა და ოთხსაათიანი ტყვეობის განმავლობაში არაერთხელ გააუპატიურა.
გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 2022 წლის 3 ივლისს, გამთენიისას, ქალაქ ბრაიტონში მოხდა. ბრალდებული ვერცხლისფერი „მერსედესით“ გადაადგილდებოდა და მსხვერპლს ეძებდა. საბოლოოდ მან ახალგაზრდა ქალი მიიტყუა, ავტომობილში ჩასვა და სხვადასხვა იზოლირებულ ადგილას გადაიყვანა.
პროკურორების განცხადებით, რამსეიმ გოგონას იძულებით სამჯერ შეაყნოსა უცნობი თეთრი ფხვნილი, რის შემდეგაც მასზე სექსუალურად იძალადა. ერთ-ერთი თავდასხმა დანის მუქარით განხორციელდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალი დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდა დამნაშავის კონტროლის ქვეშ.
ტყვეობის დროს დაზარალებულმა შეძლო მეგობრისთვის შეტყობინების გაგზავნა. სწორედ ამ შეტყობინების დახმარებით მოხერხდა მისი ადგილსამყოფლის დადგენა და გადარჩენა.
ქალმა მომხდარის შესახებ პოლიციას დაუყოვნებლივ აცნობა. სამართალდამცველებმა მალევე მიაგნეს ბრალდებულის ავტომობილს. ჩხრეკისას მანქანაში აღმოაჩინეს პრეზერვატივები, ვიაგრა, ლუბრიკანტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მსხვერპლის ჩვენებას ადასტურებდა.
გამომძიებლებმა ასევე შეისწავლეს ბრალდებულის მობილური ტელეფონის მონაცემები. გაირკვა, რომ თავდასხმამდე იგი ბრაიტონის ქუჩებში საათების განმავლობაში გადაადგილდებოდა და სავარაუდო მსხვერპლს ეძებდა. გარდა ამისა, ქალის გაქცევის შემდეგ მან ინტერნეტში ადვოკატების მოძიებაც დაიწყო.
მოპოვებული დნმ-ის მტკიცებულებებისა და ავტომობილის გადაადგილების მონაცემების საფუძველზე, რამსეის ბრალი წაუყენეს გატაცებაში, გაუპატიურებაში და სექსუალურ ძალადობაში.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ მსგავსი შემთხვევა მის სახელთან 2009 წელსაც იყო დაკავშირებული, თუმცა მაშინ საქმე ოფიციალურ ბრალდებამდე არ მისულა.
2026 წლის 21 მაისს ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნეს. განაჩენის გამოცხადებამდე ის პატიმრობაში რჩება.
