“სიმღერის აკადემია” საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთერში მომხდართან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს:
“განცხადება მეორე
დასანანია, რომ ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტების მიუხედავად, კვლავ გრძელდება სრულიად ანგარიშმიუცემელი აგრესია იმ ზრდასრული პირების მხრიდან, რომლებიც არ არიან პირდაპირ სატელევიზიო ეთერში ბავშვის გულის წასვლის ფაქტთან დაკავშირებულ გარემოებებში ჩახედულები და ამ ტოტალურ აგრესიაში გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად აიყოლიეს საზოგადოება – ეს აგრესია კი უკვე უმართავი და სულ უფრო საშიში ხდება ჩვენი ბავშვებისთვის.
– კეთილი,რადგან ასეა,ჩვენ გეკითხებით :
რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანს, ნუთუ შესაძლებელია გულწრფელად სჯეროდეს, რომ გუნდის მესვეურების,ან ტელევიზიის რომელიმე წევრის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ბავშვის უსუსურ მდგომარეობაში დატოვება? – როგორ ფიქრობთ, ,,ადამიანურობასა” და
,,მორალზე” აპელირება რომ გვერდით გავწიოთ, სატელევიზიო ეთერში ბავშვის გულის წასვლის მიზანმიმართული იგნორირება ჩვენი მხრიდან გონიერების ჩარჩოებში ჩაჯდებოდა?
ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ წაქცევის ფაქტის ადეკვატურ მომენტში დაფიქსირების შემთხვევაში რომელიმე პასუხისმგებელი პირი რეაგირებას არ მოახდენდა ამ შემთხვევაზე და ბავშვის ჯანმრთელობით გარისკავდა სიმღერის ,,ჩამთავრების” საპირწონედ?!
თუ ასე ფიქრობთ, თუ ამის მართლა გჯერათ –
გაგიჟებულხართ!
თუ ასე ფიქრობთ, გამოდის, რომ თქვენ თავად შეგიძლიათ ასეთ რამეზე ,,ხელის მოწერა”!
მტკივნეული გასააზრებელია, რომ დაზარალებული ბავშვის მხარდასაჭერად ჩვენი მისამართით
გამოვლენილ აფექტურ და აგრესიულ კომენტარებში/მესიჯებში – ბილწსიტყვაობასა და უშვერ ლანძღვა – გინებებში, იმდენად დაკარგეთ ადეკვატური განსჯის უნარი, რომ არ ერიდებით დაზარალებული ბავშვის თანაგუნდელებისთვის ტკივილის მიყენებას და ბავშვის მიმართ თანაგრძნობის მანტიით შემოსილები შეურაცხყოფთ სხვა ბავშვებს, უდანაშაულო მოზარდებს, რომლებსაც დიდხანს არ დაავიწყდებათ თუ როგორ გადაუარა სრულიად უცნობი ადამიანების აგრესიულმა ტალღამ მათ გრძნობებს და ემოციებს, მათ სუფთა გულს და გულწრფელ დარდს – როგორ შემზარავ დღეებად უქციეთ ტრავმა,რომელიც თანაგუნდელის შეუძლოდ გახდომის გამო პირდაპირ ეთერში განიცადეს.
თუკი გსურთ ემპათიისა და თანაგრძნობისაკენ მოწოდების უფლება გაგაჩნდეთ და საჯაროდ იწონებდეთ თავს იმით, თუ რამდენად მაღალ ადამიანურ მორალს ემსახურებით – თავდაპირველად შეეცადეთ, რომ თქვენი მორალური პრინციპები ყველა ბავშვზე გაავრცელოთ განურჩევლად.
ვიდრე ერთი შეხედვით დანახული ფაქტით გამოწვეულ აგრესიას და აღშფოთებას ანგარიშმიუცემლად გადმოაფრქვევთ სხვათა შვილების მისამართით – შეჩერდით, დაფიქრდით, დააყოვნეთ – იქნებ ცდებით?
იქნებ სხვა ბავშვების ტკივილის საწყისი ხდებით?
იქნებ ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენი თვალები აღიქვამენ?
იქნებ არსებობს გარემოებების სხვა მოცემულობაც, რომელიც დარჩა თქვენი თვალთახედვის მიღმა?
,,სიმღერის აკადემია” ამაყობს და მომავალშიც იამაყებს მისი თითოეული აღსაზრდელით –
წავშალეთ უამარავი შეურაცხმყოფელი კომენტარი და ზოგიერთ პოსტზე კომენტარებიც გავთიშეთ, რადგან არ გვინდა ბავშვებმა ყველაფერი წაიკითხონ, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ ავუდივართ – შეუძლებელია თქვენი ამხელა ნეგატივის გაქრობა და განულება – შეუძლებელია თქვენი აგრესიისაგან ბავშვების დაცვა.
ასე გააგრძელეთ, და იამაყეთ!
ჩვენ კი,იმ სიმართლით და სიყვარულით, რომელშიც ეჭვი არასოდეს შეგვეპარება,შევეცდებით ჩვენს ბავშვებს მალე დავავიწყოთ ის დაუმსახურებელი ტკივილი, რაც თქვენი ამორალური კომენტარებით განაცდევინეთ მორალისა და ემპათიის ნიღბებით შემოსილებმა” – წერს “სიმღერის აკადემია” გავრცელებულ განცხადებაში.
