“[გავიგონე] ხმაური, ჩხუბი, მანდილოსნების წივილ-კივილი. გაშველებებიც იყო, რა თქმა უნდა, ვიღაცა ვიღაცას ეხმარებოდა, ვიღაცა ვიღაცას ეხმარებოდა. მერე უკვე ჩაერივნენ სამართალდამცავები, დაცვის სამსახურიც ჩაერია. სიტუაცია განიმუხტა, მერე უკვე ისმოდა განწირული ქალის წივილი – მიშველეთო. ჩავედი, რა თქმა უნდა და გავიგე, რომ ვიღაც დაღუპულა და როგორც თქვეს ის ამ ქალბატონის მეუღლე იყო” – ამბობს “tv პირველთან” რუსთავში მომხდარი ფაქტის თვითმხილველი.
“რესტორნის სივრცეში არაფერი მომხდარა. კი, აქაური სტუმრები ყოფილან, მაგრამ გარეთ მოუხდათ ჩხუბი… აქ დაგვემშვიდობნენ, ცეკვავდნენ, კარგი დრო ატარეს. [კონფლიქტში მონაწილეები] სხვადასხვა მაგიდებზე ისხდნენ… დაცვამ რომ ვერ გააჩერა ესენი, იმან გამოიძახა ეტყობა პატრული… ხელი მკრა დამანებე თავიო და თავი დაურტყამს. ბარდიული იყო მაღალი ცოტა” – ამბობს რესტორნის თანამშრომელი.
“რესტორანში ყოფილან და რომ გამოსულან, ჩხუბი მოსვლიათ. შვილი ყოფილა მასთან ერთად, 15 წლის ბიჭი ჰყოლია” – ამბობს კიდევ ერთი თვითმხილველი.
გვიან ღამით, მეგობრობის გამზირზე, რესტორან “იმპერია”-ში დაწყებული კამათი გარეთ, ქუჩაში გაგრძელდა. მამაკაცებს შორის საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც 45 წლამდე კაცმა სუპერმარკეტის წინ ბეტონის საფარს, სავარაუდოდ, თავი დაარტყა და მძიმე დაზიანება მიიღო – ის ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ 1 პირი დააკავა.
