რუსეთმა სომხური კალმახი თურქულითა და ირანულით ჩაანაცვლა – ამის შესახებ „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელმა, სერგეი დანკვერტმა, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ გვესმოდა, რომ შეზღუდვების დაწესება მოგვიწევდა. ამის დასაბალანსებლად, პარალელურად ვხსნიდით მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან. მაგალითად, კალმახის მიწოდების კუთხით გადავერთეთ ირანსა და თურქეთზე. ზოგადად, რაც უფრო მეტი მომწოდებელი გვყავს, მით უფრო გვიადვილდება მუშაობა. ხომ იცით, თუ ვინმე ერთზე ვართ დამოკიდებული, მაშინ შეიძლება რომელიმე პროდუქტის დეფიციტი შეიქმნას. ახლა ასე არ არის, ჩვენ დიდი არჩევანი გვაქვს” – თქვა დანკვერტმა.
22 მაისს „როსპოტრებნადზორმა“ რუსეთში სომხური მინერალური წყალი „ჯელმუკის“ ყველა პარტიის შეტანა და ბრუნვა შეაჩერა „სავალდებულო მოთხოვნების დარღვევის გამო”. 30 მაისიდან „როსსელხოზნადზორმა“ დააწესა დროებითი შეზღუდვები სომხეთიდან რუსეთში ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის შეტანაზე, ხოლო 2 ივნისიდან – ალუბლის, ბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის, ნექტარინისა და ყურძნის შეტანაზე. უწყებამ განაცხადა, რომ 2 ივნისიდან სომხეთმა უნდა შეაჩეროს რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისთვის განკუთვნილი ცოცხალი თევზისა და თევზპროდუქტების ვეტერინარული სერტიფიცირება ყველა სომხური კომპანიისთვის, გარდა იმ ორი კომპანიისა, რომლებმაც ინსპექცია გაიარეს. 3 ივნისიდან შემოღებულ იქნა დროებითი შეზღუდვები კურკოვანი ხილის, ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის შეტანაზე.
