“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება პარტიაში, თუმცა ფიქრობს, რომ შეიძლება ეს ცვლილებები რადიკალური იყოს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ის პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობას მიესალმება.
ამასთან, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ “პარტიის გაძლიერება არის ის, რაც დღეს ნამდვილად სჭირდება მთელ ოპოზიციურ ველს”.
… რაც გავიგეთ დღეს მიშას პოსტიდან და როგორც გითხარით, რომ ძალიან ნორმალური მიდგომაა პარტიაში კონკრეტული დემოკრატიის გაძლიერება და გაძლიერება ზოგადად პარტიის, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება რადიკალური ცვლილებები განხორციელდეს.
რაც შეეხება ვთქვათ ვინ მოვა, სად წავა, როგორი იქნება, მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია.
პარტიის შიდა სტრუქტურაზე, გაძლიერებაზე, რა თქმა უნდა, ყოველდღიური საუბრები არსებობს. მიშა, რომელსაც შეუცვლელი როლი აქვს ამ პარტიაში, მასთან ეს კოორდინაცია სულ აქვს, მათ შორის გენერალურ მდივანს, დარწმუნებული ვარ თავმჯდომარესაც, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ ყოველდღიურ საქმიანობაში და არა მხოლოდ, რადგან ჩვენ არ ვართ იმ მოცემულობაში და იმ ვითარებაში, როდესაც შეიძლება რუტინულად იმოქმედო, ჩვენი მოცემულობა საქართველოში დღეს არის უმძიმესი ანტი-ქართული პოლიტიკით დაკავებული ბიძინა ივანიშვილის დე-ფაქტო ძალაუფლება, ხელისუფლება.
ამ კონტექსტში, ვფიქრობ, რომ გასაძლიერებლად შესაძლებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ახალგაზრდების ჩართულობას მე მივესალმები… პარტიის გაძლიერება არის ის, რაც დღეს ნამდვილად სჭირდება მთელ ოპოზიციურ ველს,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისივე დაფუძნებულ პარტიაში რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს. სააკაშვილის Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნანუკა ჟორჟოლიანი ახალგაზრდების ბირთვით უერთდება.
თავის მხრივ ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” კონსულტაციებს ადასტურებს.
