“უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს” – ამის შესახებ დარია სამოდუროვა სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მას უკრაინის მოქალაქეები დაუკავშირდნენ, რომლებიც დარიალის საბაჟო გამშვები პუნქტის სარდაფში ჰყავთ გამოკეტილები.
მისი თქმით, საუბარია არა ერთ, ან ორ დღეზე, არამედ 1 წელზე. ამჯამად სარდაფში 19 ადამიანი იმყოფება.
დარია სამოდუროვას ცნობით, აღნიშნული პირები რუსულმა სამხედროებმა გაიტაცეს ჯერ უკრაინის ტერიტორიიდან, ხოლო შემდეგ იძულებით გააძევეს რუსეთიდან, საქართველოში. საქართველოს საზღვარზე, პასპორტ-კონტროლის გავლისას კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა მოახდინეს ამ პირების სარდაფში მოთავსება.
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს!!!
მე დამიკავშირდნენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც უკანონოდ ჰყავთ გამოკეტილი დარიალის საბაჟო გამშვები პუნქტის სარდაფში.
აქ საუბარი არ გვაქვს ერთ – ორ დღეზე. აქ საუბარია 1 წელიწადზე.
ამჟამად სარდაფში იმყოფება 19 ადამიანი.
შემაშფოთებელია ის პირობები რა პირობებში იმყოფებიან ეს პირები. ნესტიანი სარდაფი, რომელსაც არ აქვს ფანჯარა და სავენტილაციო სისტემა, არ აქვს სველი წერტილი და საკუჭნაო. შსს საკვებით და მედიკამენტებით არ უზრუნველყოფს იქ მყოფ პირებს, არ მიწოდებათ სამედიცინო დახმარება. არ აწვდიან ჰიგიენის და პირადი ჰიგიენის ნივთებს. სარდაფში მძვინვარებს ანტისანიტარია.
როგორ აღმოჩნდნენ უკრაინის მოქალაქეები დარიალის ნესტიან სარდაფში?
ძირითადად ეს არიან პირები ვინც იძულებით, რუსულმა სამხედროებმა გაიტაცეს ჯერ უკრაინის ტერიტორიიდან, ხოლო შემდეგ იძულებით გააძევეს რუსეთიდან, საქართველოში. საქართველოს საზღვარზე, პასპორტ-კონტროლის გავლისას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა მოახდინეს ამ პირების სარდაფში მოთავსება.
არის თუ არა ეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა?
არის. ამ პირებს შეზღუდული აქვთ თავისუფლად გადაადგილების უფლება. არ არსებობს გადაწყვეტილება საქართველოში შემოშვებაზე უარის თქმის შესახებ, არ არსებობს სასამართლოს განჩინება/ბრძანება სარდაფში ადამიანების განთავსების შესახებ, არ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რომელიც ახსნიდა ამ პირების არაადამიანურ პირობებში მოთავსებას. არ არსებობს კონკრეტული თარიღი, ამ პირებმა არ იციან როდის დასრულდება მათი ჯოჯოხეთში ყოფნა.
ყველაზე ტრაგიკული ის არის რომ რუსეთიდან გაძევებული უკრაინის მოქალაქეების ნესტიან სარდაფში მოთავსების პრაქტიკა 3 წლის წინ დაინერგა. შსს-ს მიერ არაადამიანურ პირობებში ადამიანების უკანონოდ მოთავსების თაობაზე ინფორმირებულია ყველა უწყება, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატიც. როგორც ჩანს, ეს მძიმე დანაშაული ნორმად არის ქცეული.
აქ საუბარია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფაზე,” – წერს დარია სამოდუროვა.
