დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ცვლილება იგეგმება N293 მარშრუტზეც, რომელსაც ორი ერთეული ავტობუსი დაემატება.
„ჩვენ სატრანსპორტო მიმართულებით მუდმივად განახლებისა და დაკვირვების რეჟიმში ვართ. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ. ჩვენ ქალაქის მაჯისცემაზე ხელი გვიდევს. ვიცით, რა საჭიროებებია და ეტაპობრივად მივყვებით. დიდ დიღომში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მარშრუტია N321, რომელიც დიდ დიღომს აკავშირებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“. სწორედ ამ ხაზზე 27 ივნისიდან, 12-მეტრიანის ნაცვლად, ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს, რაც ბევრად მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. გარდა ამისა, N293 მარშრუტს ორი ერთეული ავტობუსი დაემატება, რომელიც დიდი დიღმის II მიკრორაიონისა და I მიკრორაიონის ნაწილის მოსახლეობას ემსახურება. ცვლილების შედეგად, აღნიშნულ მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მინდელის სახელობის ხიდზე არსებული საავტობუსო ზოლი დაგრძელდება და ე.წ. ბასლეინი თენგიზ შეშელიძის ქუჩის მონაკვეთზეც მოეწყობა.
„თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ასევე განაგრძობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაციას. დიდი დიღომში ამ მხრივ არსებული გამოწვევების გადასაჭრელად განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
