კლინიკა რეპროარტი ტრაგიკულად დაღუპულ თანამშრომელს ემშვიდობება. ნათია ჯანაძე მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
„ტრაგედიამ, რომელიც ნათია ჯანაძესა და მის ოჯახს შეემთხვა, რეპროარტის მთელი გუნდის ყოველდღიურობა ერთ წამში შეცვალა.
ჩვენთვის ეს დღეები გაჩერებულია.
სიტყვებით ძალიან რთულია იმ ტკივილის გამოხატვა, რომელსაც დღეს თითოეული ჩვენგანი გრძნობს.
ნათია ჩვენი გუნდის ძალიან ძვირფასი ნაწილი იყო, ადამიანი, რომლის მსგავსსაც ცხოვრებაში ხშირად ვერ შეხვდები. გამორჩეულად თბილი, მზრუნველი, კეთილი, მეგობრული, თავისი საქმის პროფესიონალი და საიმედო ადამიანი თითოეული ჩვენგანისთვის.
ნათიას, სანდროს და მათი მეგობრების ტრაგიკული გარდაცვალების მიღება წარმოუდგენლად რთულია. ძნელია შეეგუო იმას, რომ ასეთი საოცარი ადამიანები ერთ წამში აღარ არიან ჩვენს გვერდით.
ვუსამძიმრებთ ნათიასა და სანდროს ოჯახებს, მეგობრებს, ახლობლებს და ვიზიარებთ მათ უდიდეს ტკივილს.
ნათიასთან ერთად გატარებული ბევრი წელი ჩვენი ისტორიის განსაკუთრებულ ნაწილად დარჩება. ყოველთვის გვემახსოვრება მისი ღიმილი, სიკეთე, მხარდაჭერა, ადამიანობა და ის გულწრფელი სურვილი, რომ სხვების ცხოვრება უკეთესი გაეხადა.
მადლობა მეგობრობისთვის, ერთგულებისთვის, სითბოსთვის და იმ კვალისთვის, რომელიც ჩვენს გულებში დატოვე. ნათია სამუდამოდ დარჩება ჩვენი ცხოვრების ნაწილად და ადამიანობის მაგალითად.
გვიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებთ,
რეპროარტის და აივიეფ ტურს ჯორჯიას გუნდი“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.
