მე ვარ პირველი ქართველი ექსპერტი, რომელმაც საჯაროდ, დისკუსიის დროს, პირდაპირ რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილეს მიხაილ გალუზინს, დავუფიქსირე პოზიცია, როგორც ერთ-ერთმა ქართველმა, რომ, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული ჩვენთვის „3+3 ფორმატი“ არის მიუღებელი. არ აქვს მნიშვნელობა სად ჩახვალ, მთავარია, რას ისაუბრებ და რას იტყვი, ჩასვლა ერთია, მთავარია, იქ რას ისაუბრებ – ამის შესახებ ექსპერტმა, ნიკოლოზ მეტრეველმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც განმარტა თუ რატომ მიიღო მონაწილეობა „3+3 ფორმატში“, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართა.
როგორც მეტრეველმა აღნიშნა, „რომ ცდილობენ ვიზიტი, დააკავშირონ თითქოს „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული ვიზიტი იყო“, რაც „არავითარ შემთხვევაში არ არის“.
„მე ვარ პირველი ქართველი ექსპერტი, რომელმაც საჯაროდ დისკუსიის დროს და ეს ვიდეო გავრცელებულია პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, პირდაპირ რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილეს მიხაილ გალუზინს, დავუფიქსირე პოზიცია, როგორც ერთ-ერთმა ქართველმა, რომ როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული ჩვენთვის „3+3 ფორმატი“ არის მიუღებელი. ადგილმდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა სად ჩახვალ, მთავარია რას ისაუბრებ და რას იტყვი. მე, როგორც ერთ-ერთმა ქართველმა, განსხვავებით დასავლეთის უსამშობლო მეხოტბეებისგან, დავიცავი ჩემი ქვეყანა და ჩემი ქვეყნის ინტერესები – საჯაროდ გალუზინს დავუფიქსირე ის პრინციპული პოზიცია, რაც აქვს ნებისმიერ ქართველს და რასაც ამავე დროს იცავს საქართველოს ხელისუფლება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე ვარ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, მხარდამჭერი, სრულად ვიზიარებ „ქართული ოცნების“ პოზიციას და ეს დავაფიქსირე კიდევ ერთხელ. მე წარმოვადგენდი, როგორც ერთ ქართველ ექსპერტს, რაც ხაზგასმულია და ვთქვი ჩემი რიგითი პოზიცია, რომ ჩვენ ამ ფორმატს, არავითარ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მხარს არ ვუჭერთ. ეს არის მნიშვნელოვანი.
პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი არის ერთ-ერთი უნიკალური, ყოველწლიური მოვლენა, სადაც მე გარდა ამ კონკრეტული პანელური დისკუსიისა, მქონდა უამრავი შეხვედრა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ფორუმი იმართება პეტერბურგში, მაგრამ ოფიციალური მასპინძელი იყო საუდის არაბეთი. აქ მომიწვიეს, ჩავედი. კონკრეტულად ამ პანელზე დისკუსიაში მომიწია მონაწილეობა. ეს იყო დისკუსია, მსჯელობა, დებატი და აქ დავაფიქსირე ჩემი მკაფიო პოზიცია – მე იქ ვთქვი, რომ მე არ ვუჭერ „3+3 ფორმატს“ მხარს და პირველი ქართველი ვარ, ვინც საჯაროდ ეს უთხრა პირისპირ საუბარში მიხაილ გალუზინს და სხვა მაღალჩინოსნებს რუსეთიდან. ამის გარდა, მქონდა უამრავი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან. მე სადაც დავდივარ, ვიცავ საქართველოს ინტერესებს,“- განაცხადა მეტრეველმა.
მისივე თქმით, ის არის საქართველოს რიგითი მოქალაქე და არ არის შეზღუდული ვიზიტებში.
„მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე, ვარ საქართველოს რიგითი მოქალაქე და არ ვარ შეზღუდული ჩემს ვიზიტებში. დავდივარ ჩინეთშიც, რუსეთშიც, საუდის არაბეთშიც, ავსტრალიაშიც, უამრავ ქვეყანაში. სად წავალ, სად ჩავალ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია სადაც ჩადიხარ იქ რას ლაპარაკობ. მე სადაც ჩავედი ვთქვი ეს პოზიცია. არ მაინტერესებს ვინ რას ილაპარაკებს. მინდა საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე რა ვთქვი და არა ის, რომ უბრალოდ ვიყავი. ჩასვლა ერთია, მთავარია რას ისაუბრებ იქ. მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელიც ჩემს პოზიციას შესაძლოა ცოტა ხმამაღლა ვაფიქსირებ, ვიდრე სხვები, იმიტომ, რომ მე ამის შესაძლებლობა მეძლევა.
მე მიწვეული ვიყავი როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ქართველი ექსპერტი. როგორც უკვე ვთქვი, ვარ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, მხარდამჭერი, ამას მე არასდროს ვმალავ. მაგრამ ეს ვიზიტი, რომ ცდილობენ დააკავშირონ თითქოს „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული ვიზიტი იყო, არავითარ შემთხვევაში არ არის“,- განაცხადა მეტრეველმა.
კითხვაზე, ხომ არ იყო ვინმე „ქართულ ოცნებაში“ მის ამ ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმირებული, ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, არავითარი კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“ ამ საკითხზე არ ჰქონია.
„არავითარი კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“ ამ საკითხთან დაკავშირებით არ მქონია, არ შეიძლება რომ მქონოდა და არც უნდა მქონოდა. მე ჩემს საქმიანობაში არ ვარ შეზღუდული. ვიღაცებთან მეგობრული ურთიერთობა რა თქმა უნდა მაქვს, თუმცა ჩვენ ერთმანეთის საქმეებში არ ვერევით და ისინიც ვერ ჩაერევიან ჩემს საქმეებში, ვერც მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებში ვერ ჩავერევი. არავითარი კომუნიკაცია პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებთან არ მაქვს. არავითარი კომუნიკაცია მე მათთან არ მქონია და არც შეიძლება მქონოდა ამ საკითხზე. რაც შეეხება საუბრის თემას, მე აღვნიშნე ის პოზიტიური მხარეები, რაც არის ორმხრივ ურთიერთობაში, ეკონომიკური, ტურიზმის მიმართულებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია რუსეთი“,- განაცხადა მეტრეველმა.
კითხვაზე მიაღწია თუ არა ამ ფორუმში მონაწილეობით იმ მიზანს, რაც დაისახა, მეტრეველის თქმით, „მან საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვა“.
„მე ჩემი გავაკეთე. მე ჩემი ქვეყნის ინტერესები დავიცავი. ამას დრო გამოაჩენს რამდენად ჰქონდა ან არ ჰქონდა შედეგი. მე მთავარია ჩემი ქვეყნის ინტერესებს ვიცავ სადაც მივდივარ ნებისმიერ ქვეყანაში“, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.
შეგახსენებთ, 5 ივნისს სანქტ-პეტერბურგში „3+3 ფორმატის“ პირველი საექსპერტო შეხვედრა გაიმართა. „3+3 ფორმატი“ არის პლატფორმა, რომელიც რუსეთის, თურქეთის, ირანისა და, მეორე მხრივ, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობას მოიაზრებს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ივნისს აღნიშნა, საქართველო „3+3 ფორმატის“ შეხვედრაში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართა, მონაწილეობას არ მიიღებდა.
