ნეთანიაჰუს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ ირანთან შეთანხმებას დათანხმდეს. მე ვიღებ გადაწყვეტილებებს, ნეთანიაჰუ – არა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იძულებული იქნება, დაეთანხმოს აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ნებისმიერ შეთანხმებას.
„მას არჩევანი არ ექნება. მე ვიღებ გადაწყვეტილებებს. მე ვიღებ ყველა გადაწყვეტილებას. ნეთანიაჰუ არ იღებს გადაწყვეტილებებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, ეს იყო ისრაელზე სარაკეტო დარტყმები, რომლებსაც არანაირი გავლენა არ მოუხდენიათ. ეს საერთოდ არ იმოქმედებს შეთანხმებაზე“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მას არასდროს მიუცია პირობა, რომ ახალ ომს არ დაიწყებდა.
„მე არ მიმიცია გარანტია, რომ ომი არ იქნებოდა. მაშინ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები რატომ უნდა შემექმნა?“ – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, კრიტიკოსები მის წინასაარჩევნო განცხადებებს არასწორად განმარტავენ.
„როდესაც ამბობთ, რომ მე ამას ვპირდებოდი, ეს ასე არ არის. მე არაფერს დავპირებივარ. არ მომწონს უსასრულო ომები. ეს არ არის უსასრულო ომი. ამ საკითხით მხოლოდ სამი თვეა, დაკავებული ვართ“, – აღნიშნა ტრამპმა.
