„9 ივნისს კოსმოსში იხსნება ფინანსური, მენტალური და სოციალური ტრიუმფის უიშვიათესი კარიბჭე!“ – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეზოთერიკოსი და ასტროლოგი ქეთი ოდიშელი ავრცელებს.
ასტროლოგიის ორი მთავარი კეთილისმყოფელი პლანეტა — ვენერა და იუპიტერი — 12 წელიწადში მხოლოდ ერთხელ ზუსტად უერთდებიან ერთმანეთს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში.
ეს შეერთება ხდება კირჩხიბის ნიშნის იმ უმძლავრეს ზონაში, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის ცხოვრების ფუნდამენტზე, უსაფრთხოებაზე, ემოციურ საყრდენზე, ოჯახსა და სახლზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ზუსტი წერტილი მოქცეულია კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის — პროციონის — უშუალო გავლენის ველში.
#პროციონი
სახელწოდება (ბერძნულიდან Prokyon) პირდაპირ ითარგმნება, როგორც „ძაღლამდე“ ან „ძაღლის წინ“. ცის კაბადონზე ის ყოველთვის სირიუსზე (დიდი ქოფაკის ვარსკვლავზე) ცოტა უფრო ადრე ამოდის. ის არის მაცნე, გზის გამკაფავი, რომელიც სამყაროს აუწყებს უმძლავრესი ძალის — სირიუსის — მოახლოებას.
პროციონი ელვისებური წარმატების, ფენომენალური გონებრივი სიმტკიცისა და მომენტალური რეაგირების სიმბოლოა. მას შემოაქვს მერკურისა და მარსის სინთეზი, რაც ნიშნავს: ნებისმიერი კრიზისი და გაურკვევლობა ახლა წამებში შეიძლება შემოაბრუნო შენს სასარგებლოდ და მატერიალურ რესურსად აქციო.
ამ კოსმიურ მოვლენას 9 ივნისს კიდევ ერთი უძველესი მისტიკური ისტორია ემატება — ქალღმერთ ვესტას დღესასწაული.
#ვესტა
ვესტა რომაული პანთეონის კერიისა და წმინდა ცეცხლის ქალღმერთია, ოჯახის უზენაესი მფარველი. ძველ რომში ამ დღეს დაოჯახებული ქალები ტაძარში საკუთარი ხელით მომზადებული ძღვენით მიდიოდნენ.
დღესასწაულის შემდეგ ტაძარს საფუძვლიანად წმენდდნენ, რეცხავდნენ და ხელახლა აღებდნენ — ეს სრული მენტალური და ფიზიკური გადატვირთვის სიმბოლო იყო.
კერძო სახლებში ვესტას სწორედ სახლის შესასვლელი ეკუთვნოდა და სწორედ აქედან მოდის სიტყვა „ვესტიბული“.
ვესტა გვეუბნება: „შენი სოციალური თუ სხვა გარე წარმატება და ბედნიერება იწყება შენი შინაგანი კერიის სიწმინდიდან და სისუფთავიდან.“
ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ დღეს აღიქვამ, როგორც „ჯადოსნურ ღილაკს“, სადაც სამყარო საჩუქრებს უფასოდ ჩამოგირიგებს. პროციონი ვერ იტანს სიზანტეს, ხოლო იუპიტერი აძლიერებს როგორც შენს შესაძლებლობებს, ისე შენს შეცდომებს. თუ ამ პერიოდში ილუზიებს მიეცემი, შანსი ისევე სწრაფად გაქრება, როგორც გაჩნდა. ამიტომ, ამ ენერგიის მართვას სჭირდება გონების ზუსტი და მჭრელი ინსტრუმენტები.
პრაქტიკული რჩევები 9 ივნისისთვის:
ქალბატონებო, ჩართეთ ვესტასა და კირჩხიბის არქეტიპი — საფუძვლიანად დაასუფთავეთ თქვენი სახლი და კერა. მოაშორეთ ძველი, ენერგეტიკულად დამძიმებული ნივთები — გაბზარული, გატეხილი და დაზიანებული საგნები.
შემოატარეთ სანთელი სივრცეს, დააწყვეთ სუფრაზე ტკბილეული და ხილი. საღამოს კი აღნიშნეთ ეს დღე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ამით თქვენს ცხოვრებაში ააქტიურებთ ვენერა-იუპიტერის ფინანსური და ემოციური სიუხვის კოდს.
ვინც ფლობს საკუთარი ფსიქიკისა და რუკის საიდუმლო გასაღებებს, ის ყოველთვის მართავს რესურსებს. თქვენი ცხოვრების რომელი სფერო გახდება ამ ოქროს პორტალის მთავარი გამტარი — მე-2 სახლი (პირადი ფული), მე-4 (უძრავი ქონება) თუ მე-10 (კარიერული პროგრესი)?“
