კახეთში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტისთვის მოქალაქეებს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ჩამოერთმევა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, 28 მაისით დათარიღებულ ბრძანებაშია საუბარი. ინფორმაციას “BM.GE” ავრცელებს.
საქმე ეხება 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის სტორი ჰესი – ქვესადგური „ახალი თელავი“ (33 კმ) და 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „იყალთოს“ ქვესადგურ „ახალ თელავში“ შეჭრის (3.2 კმ) მშენებლობის პროექტს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს პროექტი კახეთის რეგიონში ელექტრომომარაგების საიმედოობის გაზრდასა და მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ემსახურება.
ბრძანების თანახმად, პროექტის არეალში მოექცა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში, მდებარე 4 002 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 34 კვ.მ მიწის ფართობი, რომელიც – ლია კაკლეიანის, გელა წიკლაურის, გიორგი წიკლაურის, ვეფხო წიკლაურის, თამარ წიკლაურისა და მახარე წიკლაურის თანასაკუთრებაშია.
დოკუმენტის მიხედვით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიწის მესაკუთრეებს პროექტის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათ ნებაყოფლობითი გასხვისების სანაცვლოდ კომპენსაციაც შესთავაზა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამის შემდეგ კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების მოთხოვნით მიმართა.
სამინისტროს განმარტებით, პროექტი საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ნაწილია და მისი მიზანია კახეთის რეგიონში ენერგომომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან დაკავშირებული საჭიროებების დაკმაყოფილება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერება.
მინისტრის ბრძანებით, აღნიშნული პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად გამოცხადდა, ხოლო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შესაბამის მიწის ნაკვეთზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.
მხარეები ბრძანების გასაჩივრებას მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეძლებენ.
