15 წლის სკოლის მოსწავლე 50 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული – ანგარიშსწორება ქალაქ რუსთავში მოხდა. “ტვ პირველის” ინფორმაციით, მოკლული საქართველოში აზერბაიჯანიდან რამდენიმე დღის ჩამოსული იყო, რუსთავში ბინა ჰქონდა ნაქირავები და სარემონტო სამუშაოებზე დადიოდა, მათ შორის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში. სწორედ სოფელ ნაზარლოში გაიცნო მან 15 წლის ბიჭი და ადგილობრივების თქმით, მას გასამრჯელოს სანაცვლოდ დასაქმება შესთავაზა.
დაკავებულის ოჯახი “ტვ პირველს” უყვება, რომ სოფელ ქესალოში სამუშაოების დასრულების შემდეგ, 50 წლის კაცმა მოსწავლეს რუსთავში მის სახლში სასადილოდ წასვლა შესთავაზა, რის შემდეგაც სახლში ჩაკეტა და მასზე სექსუალურად ძალადობა სცადა. არასრულწლოვნის ოჯახი ამბობს, რომ ბიჭი თავს იცავდა.
გარდაცვლილს დაზიანებები სამზარეულო დანით აქვს მიყენებული. მოზარდი თავად ჩაბარდა პოლიციას, მანამდე კი ოჯახს ყველაფერი დეტალურად უამბო.
“სახლი 2 დღის ნაქირავები ჰქონია იმ კაცს. როგორც კი აიყვანა ბავშვი კარები გადაუკეტავს და დაუწყია ძალადობა, ტანსაცმელს ხდიდა და ეჯაჯგურებოდა. სამზარეულოში ყოფილან ბავშვს დაუნახავს მაგიდაზე სამზარეულოს დანა აუღია და თავდაცვის მიზნით მოუქნევია. მაინც არ ანებებდა თავს თურმე. დაჭრილიც კი ცდილობდა ეძალადა სექსუალურად ბავშვზე. პედოფილია ალბათ, თორე სხვანაირად როგორ უნდა იძალადო ბიჭზე თან 15 წლის მოზარდზე. პირდაპირ ეუბნებიდა, რაც სურდა მისგან. ამ კაცს არავინ იცნობდა აქ . 2 დღის ჩამოსული იყო აზერბაიჯანიდან და იძახდა მშენებელი ვარო”, – ამბობს დაკავებულის ოჯახის წევრი.
დაკავებული მოსწავლე გამოძიებასთან თანამშრომლობს. ოჯახი ამბობს, რომ არასრუწლოვანი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, რადგან ის თავს იცავდა.
“ყველა მსგავსად მოიქცეოდა… თავი არ დაეცვა აბა? ჯერ ეხვეწებოდა ბავშვი თურმე, რომ ჩაკეტილი კარი გაეღო. სთხოვდა რომ გამიშვიო. უმწეო ბავშვს როგორ გაუბედა ეს?!” – ამბობს ოჯახი ახლობელი.
“ბავშვი არის 15 წლის, თან სკოლაში დადის და თან უნდოდა რომ მისი შემოსავალი ჰქონოდა ოჯახსაც ეხმარებოდა თან ხელობას სწავლობდა. სარემონტო სამუშაოებზე დადიოდა ხოლმე ხან სად ხან სად. ეხლაც რომ შესთავაზა ამ კაცმა წაგიყვან დამხმარედო, დათანხმდა ბავშვი სიხარულით. ქესალოში წაიყვანა იქ ვიღაცის სახლის მოპირკეთება უნდა დაეწყოთ. სახლი უნახიათ. იქ სხვა მუშებიც იყვნენ. ეს ბავშვი გამოყო და შესთავაზა რუსთავში წავიდეთ ვისადილოთო. წაიყვანა მასთან სახლში და მერე იქ მომხდარა ეს ამბავი”, – აცხადებს ოჯახის წევრი.
“ეს ბავშვი უნდა გათავისუფლდეს. მოუსპო მომავალი იმ ნაძირალამ. როგორ გაბედა? ჩვენ კავკასიელები ვართ მსგავსი რამეები ჩვენთან არ ხდება რატომ უნდა დამორჩილებოდა ბავშვი? ყველა მსგავსად მოიქცეოდა თავი არ დაეცვა აბა? ჯერ ეხვეწებიდა ბავშვი თურმე რომ ჩაკეტილი კარი გაეღო. სთხოვდა რომ გამიშვიო. უმწეო ბავშვს როგორ გაუბედა. არც კი იცოდა ბავშვმა რომ გარდაიცვალა. თავი რომ დააღწია, გააღო კარი და გაქიცა პირდაპირ პოლიციაში თვითონვე ჩაბარდა და მოუყვა ყვრლაფერი არ უნდა დაეკავბინათ, 1 დღეც არ უნდა დაჰყოს ამ 15 წლის ბავშვმა ციხეში. რის გამო? იმიტომ რომ თავი გადააირჩინა?” – ამბობს ოჯახი სახლობელი.
რუსთავში, ნაქირავებ ბინაში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. გამომძებლებმა სახლი დალუქეს. რაც შეეხება დაკავებულ მოსწავლეს, ის იზოლატორშია გადაყვანილი და ბრალის წარდგენას ელოდება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
