ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ფორმულას პირდაპირ ეთერში ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით საუბრობს:
“ძალიან გაკვირვებული ვარ ნიკა გვარამიას გუშინდელი პოსტით. არ მეგონა, რომ ამგვარ თავდასხმას ვიხილავდი ენმ-ზე ნიკა გვარამიას მხრიდან. ერთადერთს ვიტყვი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის განპირობებული იმ შიდაპარტიული ტურბულენციით, რომელიც თავად ახალშია. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ პერიპეტიებმა განაპირობა ის, რომ მან ამგვარი საჯარო განცხადება გააკეთა.” – ამბობს თინა ბოკუჩავა.
შეკითხვას, ამ ყველაფრის ფონზე, ხომ არ აპირებს ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის ალიანსის დატოვებას, ბოკუჩავა პასუხობს:
“როდესაც ეს დაპირისპირება დაიწყო, ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის არ დაწყებულა თავიდან. რაღაც სხვა ეშელონებიდან წამოვიდა. მაშინვე თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა რომ ის არსაიდან გასვლას და დემარშს არ აპირებს და შესაბამისად, ეს პოზიცია ჯერ კიდევ არის.
სამწუხაროა, რომ ამგვარი წითელი ხაზები სხვა მხრიდან მოვისმინეთ რაც რა თქმა უნდა, ასუსტებს ამ პოლიტიკურ გაერთიანებას, განაცხადს ერთგვარს იმის, რომ ჩამოყალიბებულიყო პოლიტიკური ალტერნატივად, მაგრამ მაინც ჩამოყალიბდება ეს ალტერნატივა, დაიწრიტება ეს ყველაფერი იქამდე, რომ ამ ბრძოლაში დარჩნენ ის ადამიანები, ვინც აუცილებლად მივლენ ფინიშამდე. უბრალოდ, მე მიმაჩნია, რომ ეს პერიოდი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რომ გაცილებით ეფექტიანად გამოვიყენოთ, ახლა სამწუხაროდ არასწორი მიმართულებით ვითარდება” – განაცხადა ბოკუჩავამ.
ნიკა გვარამიამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, რომლითაც ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართა: ” 4-იანი არც ნიშნავს და არც ნიშნავს მიშა სააკაშვილს. ცდები, თუ ეგრე გგონია ან ვინმე გარწმუნებს… სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია”.
