დღევანდელ სასამართლო პროცესზე რვა ბრალდებულმა სრულად აღიარა წარდგენილი ბრალდება. მათ თავი ცნეს დამნაშავედ და უდავოდ მიიჩნიეს მტკიცებულებები. მათ ასევე განცხადებით ჰქონდათ მომართული ჩვენთვის და, შესაბამისად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ამ რვა პირის მიმართ გამოიყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე მზად არის, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ნებისმიერ პირს გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება, თუ ისინი ბრალს აღიარებენ და თავს დამნაშავედ ცნობენ.
“პროკურატურის პოზიცია ასეთია – ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და მოგვმართავს განცხადებით, რომ მას გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ჩვენ მზად ვართ, რომ მასთან ვიმსჯელოთ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
რაც შეეხება დარჩენილ შვიდ პირს, მათ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ არ აღიარებენ დანაშაულს და თავს არ ცნობენ დამნაშავედ, შესაბამისად, მათთან არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, თუმცა, თუ შეიცვლიან პოზიციას, თუ ნამდვილად აღიარებენ ბრალს, თავს ცნობენ დამნაშავედ იმ ორ ეპიზოდში, რაზეც ბრალი აქვთ წარდგენილი, ჩვენ მზად ვართ, რომ მათთანაც განვიხიოთ საპროცესო შეთანხმების საკითხები”, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, 15 ბრალდებულიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ უფორმდება 7 პირს – ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს და დავით სტურუას. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.
საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ შემდეგ პირებს: ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა პირს – ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს და დავით სტურუას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.
