მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რათა არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებით არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
სარჯველაძემ მშობლებს კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მეც შევუერთდე მადლობას მშობლების კონსტრუქციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილებების მისაღებად და აუცილებელი ფორმატია თანამშრომლობისა. მადლობა პრემიერ-მინისტრს პირადი ჩართულობისთვის. დიდი ხანია, რაც ამ თემებთან დაკავშირებით კონსულტაციები გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პროცესი დღევანდელ დღემდე მოსულიყო. მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რათა არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებით არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა. ყველა სიახლის შესახებ უპირველესად ინფორმირებული იქნებიან მშობლები, პაციენტები. ბუნებრივია, საზოგადოებასაც ყველაფერთან დაკავშირებით ექნება სრული ინფორმაცია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
