2027 წლის 1-ელი მარტიდან, ეტაპობრივად, სავალდებულო იქნება ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, – ამის შესახებ აღნიშნულია ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარუდგინა.
დოკუმენტში ცალკე თავად საუბარია ტრასნპორტსა და ლოჯისტიკაზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ რკინიგზის მოდერნიზაციის შედეგად სარკინიგზო უსაფრთხოება გაიზრდება და შემცირდება როგორც მსვლელობის დრო, ასევე ინფრასტრუქტურული ხარჯები. მთავრობის ცნობით, ასევე გაიზრდება რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა – 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე.
დოკუმენტში საუბარია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზეც. ნათქვამია, რომ მიმდინარეობს ტერმინალის გაფართოება, ახალი საჰაერო ხომალდების სადგომი ბაქნისა და დამატებითი სატრანსპორტო საშუალებების საპარკინგე სივრცეების მოწყობა, რის შედეგადაც, თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრიდან 10 მლნ მგზავრამდე გაიზრდება.
„2025 წელს, საავიაციო სექტორმა საჰაერო მიმოსვლის ყველა ძირითადი მიმართულებით რეკორდული ზრდა აჩვენა. საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 8 494 640 მგზავრს მოემსახურა, რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი იყო ქვეყნისთვის. 2025 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 14%-ით აღემატებოდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. 2024 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 17.5%-ით გაიზარდა.
2025 წლის პიკურ პერიოდში (აგვისტო-სექტემბერი) საქართველოს აეროპორტებში 70-ზე მეტი ავიაკომპანია 122 საჰაერო ხაზზე, საშუალოდ, 760 სიხშირით ოპერირებდა. დადებითი დინამიკა შენარჩუნდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2025 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 38578.379 ტონა შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია საქართველოს აეროპორტებისთვის. 2024 წელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 54%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაზრდილია ნავსადგურებში გადაზიდვაც. ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა საქართველოს ნავსადგურებში საბორნე გადაზიდვები და მთლიანობაში 540, 000 ტონას გადააჭარბა.
