გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი კვლავ კლინიკაში რჩება. დაზარალებულის ოჯახის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ლოცულაშვილი ამ დრომდე არ გამოუკითხავთ. პარალელურად, შეიცვალა მისი სამართლებრივი წარმომადგენლობა — დაზარალებულის ინტერესებს ამიერიდან კერძო ადვოკატის ნაცვლად საქართველოს ბანკის იურისტი დაიცავს.
“არ გამოუწერიათ ჯერ. სტაბილურად არის, ნორმალურად. ა აქვს არანაირი სურვილი გაესაუბროს ვინმეს ამ თემასთან დაკავშირებით” – ამბობს ლოცულაშვილის ძმა.
ლოცულაშვილის ადვოკატი კი “ტვ პირველთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს.
“აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას” – ამბობს დავით კოდანაშვილი.
გორში პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი ახაგაზრდა ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. პაპუნა ლოცულაშვილი უკვე მესამე დღეა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.
რაც შეეხება დაკავებულ 6 პოლციელს, ისინი გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა წინასწარ პატირობაში გაუშვა.
ძალადობაში ბრალდებულმა პოლიციელებმა გიორგი წკრიალაშვილმა, ვლადიმერ გოდერძიშვილმა, საბა წაველიძემ, ალეკო ბადალოვმა, ვანიკო მისირელმა და ბესო მალაციძემ პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. – არც ერთი მათგანი სხდომას არ დასწრებია.
