“მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი ეკა ბესელია გორში მომხდარს სახიფათოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა და მათი ხელმძღვანელიც პასუხისგებაშია მისაცემი.
ბესელიას აინტერესებს, “როგორ არ აწუხებს შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველა პოლიციელი ლაფში რომაა გასვრილი?“
“შეუძლებელია, მოძალადეები გამოუშვა ქუჩაში, სამართალდამცველის ფორმით და ამან თვითონ სახელმწიფოს არ შეუქმნას პრობლემა“,– თქვა ბესელიამ გადაცემა “რეაქციაში“.
ჩვენ ვიდეოში ვნახეთ ორგანიზებულად ერთმანეთს ეხმარებიან ძალადობაში და რაღაცნაირად, თითქოს, სიამოვნებით ძალადობენ მიწაზე დაგდებულ, ხელბორკილ დადებულ ადამიანზე, ეს ძალიან სახიფათო რამის მაჩვენებელია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მათ ამის ნება დართული აქვთ, ეს არ არის ერთი ადამიანის ქმედება, ვერავინ გაბედა, გაეჩერებინა ეს გავეშებული ადამიანები, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი ხელმძღვანელია პასუხისგებაში მისაცემი, არ უნდა იცოდეს ვინ ჰყავს პოლიციის დაწესებულებაში? რა კატეგორიის ადამიანები ჰყავს. პასუხი უნდა აგოს ხელმძღვანელმაც. როგორ არ აწუხებს შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველა პოლიციელი ლაფში რომაა გასვრილი? ინსტიტუციურად რომ ეს კარგი პოლიციელების მუნდირს ეხება? სისტემაში არიან კარგი პოლიციელები, მაგრამ ყველა ხომ ინსტიტუციურად ახლა ზიანდება. როგორც კი იწყებ ამ ადამიანებისთვის შემსუბუქებას ქმედების, გინდა კვალიფიკაციის, ან ვიღაცას ხელს დააფარებენ და რამდენია? ვინ აგო მაკა ჩიხლაძის, თქვენი ოპერატორის, გურამ როგავას, ან სხვა ჟურნალისტების თუ მოქალაქეების წინააღმდეგ სასტიკი ქმედებისთვის ჩადენისთვის პასუხი.ჯილდოები დაურიგეს ამ ადამიანებს. მოსამართლეების პასუხისმგებლობაა მთავარი და არ უნდა დაგვავიწყდეს, ნაცემი და ნაწამები ადამიანები რომ მიიყვანეს და ისინი დააჯარიმეს, სწორედ მოსამართლეებიდან მოდის დაუსჯელობის სინდრომი. თქვენ მინდა მოგმართოთ, ვინც ამ ძალადობას ჩადიხართ, ახალისებთ, ამაგრებთ, მოტივაციას უქმნით და მერე ჯილდოებს ურიგებთ, უკან დაგიბრუნდებათ ეს. ეს არის გარეთ, ქუჩაში გამოსული, საშიში ადამიანების ჯგუფი, რომელიც მთელ სოციუმს უქმნის საფრთხეს, ეს თავად ამ სისტემას დაანგრევს. შეუძლებელია მოძალადეები გამოუშვა ქუჩაში, სამართალდამცველების ფორმით და ამან თვითონ სახელმწიფოს არ შეუქმნას პრობლემა, ამაზე უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე აქვთ დრო, – განაცხადა ბესელიამ.
