მიხეილ ყაველაშვილს, ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილიანა იოტოვა, ასევე მაროკოს მეფე მუჰამედ VI და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას წარმატებულ საქმიანობას, ხოლო ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს.
„ბულგარელი ხალხისა და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღე – 26 მაისი. ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ კმაყოფილებას ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან ისტორიულ და კულტურულ კავშირებს, ასევე საერთო ინტერესის სფეროებში ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაუმჯობესებისკენ მიმართულ მისწრაფებას ემყარება. გულწრფელად ვუსურვებ ქართველ ხალხს კეთილდღეობას, ხოლო პირადად თქვენ – ჯანმრთელობას და თქვენს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებულ საქმიანობას. ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
რაც შეეხება მაროკოს მეფე მუჰამედ VI-ის მილოცვას, როგორც წერილშია აღნიშნული, ის მოხარულია ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობებით.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მოხარული ვარ გულითადად მოგილოცოთ და თქვენს ხალხს შემდგომ წინსვლა და კეთილდღეობა ვუსურვო.
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, თუ რაოდენ ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესების შესაბამისად“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
ამასთან, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საკუთარ მისალოც წერილში ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას.
„მაქვს პატივი თქვენს აღმატებულებას და თქვენი ქვეყნის ხალხს გადავცე ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩვენი ერთ-ერთი საიმედო და დიდი ხნის პარტნიორია. ამასთან, ჩვენს ქვეყნებს ტრადიციული მეგობრული კავშირები და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა აერთიანებს.
ამ მხრივ, უდიდესი კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სტაბილურად ფართოვდება, ხოლო კონტაქტები სულ უფრო აქტიურდება ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი და მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად, ჩვენი მრავალმხრივი და გრძელვადიანი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით განვითარდება. თქვენო აღმატებულებავ, ვსარგებლობ შესაძლებლობით და გისურვებთ ჯანმრთელობას, ოჯახურ ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას ვუსურვებ“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
