ქართულმა საკალათბურთო სამყარომ უდიდესი დანაკლისი განიცადა – სიცოცხლეს გამოეთხოვა ლეგენდარული კალათბურთელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და ჩვენი ფედერაციის გამგეობის წევრი, ბატონი ზურაბ გრძელიძე. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
„ზურაბ გრძელიძის მრავალფეროვანი და ვარსკვლავური სპორტული გზა მშობლიური ქუთაისიდან დაიწყო, სადაც ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში, ლეგენდარულ მწვრთნელთან, სულიკო თორთლაძესთან შეაბიჯა კალათბურთის სამყაროში. ნიჭმა, გამორჩეულმა შრომისმოყვარეობამ და სპორტისადმი უსაზღვრო სიყვარულმა იგი ძალიან სწრაფად აქცია თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა მოთამაშედ — ჯერ მოსწავლეთა ტურნირებში, შემდეგ კი საერთაშორისო ასპარეზზე.
იგი სიამაყით ატარებდა საქართველოს ჩემპიონის, ევროპის დინამიადის გამარჯვებულის, პანამერიკული ტურნირის საუკეთესო მოთამაშისა და ახალგაზრდებს შორის ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტულებს. მისი გამორჩეული სათამაშო კლასი და აღიარება ხაზგასმული იყო ევროპის სიმბოლურ ხუთეულში დასახელებითაც. წლების განმავლობაში, ბატონი ზურაბი თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა და პარკეტზე ჩვენი კალათბურთის უდიდესი ლეგენდების გვერდით ქმნიდა სპორტულ ისტორიას.
მშობლიურმა ქალაქმა და ქვეყანამ ჯეროვნად დააფასა მისი დიდი ამაგი — 2015 წელს ქუთაისის სპორტის სასახლესთან, ვარსკვლავურ ხეივანში, მისი საპატიო ვარსკვლავი გაიხსნა, რაც მისი ღვაწლის სამუდამო უკვდავყოფის სიმბოლოა.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ბატონი ზურაბი მშობლიურ სპორტს არ დაშორებია. როგორც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი, იგი ბოლო დღემდე განსაკუთრებული გულშემატკივრობით, მდიდარი გამოცდილებითა და ავტორიტეტით ემსახურებოდა ქართული კალათბურთის წინსვლას.
ბატონი ზურაბის წასვლა თითოეული ჩვენგანისთვის უმძიმესი ტკივილია. იგი იყო არა მხოლოდ დიდი სპორტსმენი, არამედ გამორჩეული, თბილი, უზადო ავტორიტეტისა და კაცობის მქონე პიროვნება, რომლის სახელიც სამუდამოდ დარჩება ქართული სპორტის ოქროს მატიანეში.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უდიდესი მოწიწებითა და გულისტკივილით უსამძიმრებს ბატონი ზურაბის ოჯახს, ახლობლებს, ქუთაისის საკალათბურთო თემსა და სრულიად საქართველოს.
მისი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
