ვისაც ივანიშვილის საქართველოში ცხოვრება არ უნდა, ეს გზა აქვს ყველას გავლილი, თუ არ გაქვს უხერხულად ხარ და როცა გაივლი, მხრებში იმართები, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც 3 დღე გაატარა.
ჟორჟოლიანის თქმით, 3 დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, ზუსტად გაეგო, რას გრძნობენ მისი თანამებრძოლები საპატიმროში ყოფნისას.
“3 დღე საკმარისია, რომ ზუსტად და ცხადად გაიგო, შენი თანამებრძოლები, რა გარემოში არიან. თქვენ იცით, რომ სინდისის პატიმარი და ყველა პატიმარი ჩემთვის მნიშვნელოვანი ხალხია, მაგრამ ყველაზე მეტი ჩემი ფიქრი კავშირში იყო იმა ადამიანებთან, ვინც სამარტოო საკანში არიან. 3 დრე საკმარისა, რომ გაიგო როგორი რუტინით ცხოვრობენ, რა არის მათთვის აუცილებელი. ამიტომ, თუ ახლა ელენე ხოშტარია მიყურებს, მინდა მოვიკითხო. ასევე მიშა, 4 წელი, მისი ენერგიით ამ საკანში. ბევრი დეტალია, რომლის ცოდნაც, რაც არ უნდა აგიღწერონ პატიმრებმა, იქ რომ ხვდები აბსოლუტურად სხვაგვარად აღიქვამ ამ ამბავს.
თავის დროზე, “ქართულმა ოცნებამ“ მომასხა ხელშეუხებლობის მანტია, მე მგონია, რომ ესეც ერთგვარი გეგმა იყო, იმიტომ რომ მათი ბიჭები და გოგოები, ჩემთან დაკავშირებით სტატუსებს წერდნენ, კითხვები უჩნდებოდათ. როგორც ჩანს, იმ გეგმამ არ იმუშავა და ეს მანტია მომხსნეს. ჩვეულებრივი ამბავია, ის რაც ხდება ყველას თავს, ვისაც “ქართული ოცნების“ და პოსტივის რეალობაში, ვისაც შალვა რამიშვილის საქართველოში ცხოვრება არ უნდა, ვისაც ივანიშვილის საქართველოში ცხოვრება არ უნდა, ეს გზა აქვს ყველას გავლილი, თუ არ გაქვს უხერხულად ხარ და როცა გაივლი, მხრებში იმართები” – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ ტროტუარზე დგომის გამო, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მოსამართლე დავით მაკარიძემ სამ დღიან პატიმრობაში 19 მაისს გაუშვა. ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
