დატბორილი სახლები, განადგურებული მოსავალი, დაღუპული პირუტყვი – სოფელ სირიაჩქონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
რამდენიმე ოჯახი ამ დრომდე ვერ ახერხებს გარე სამყაროსთან დაკავშირებას. ხალხი სტიქიის ზონაში უშუქოდ არის ჩარჩენილი.
არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებს არც ბუნებრივი აირი მიეწოდებათ.
ადიდებულმა რიონმა ერთადერთი საავტომობილო გზა წაიღო და სოფლის ნახევარი გარესამყაროს მოწყვიტა.
ხალხი ამბობს რომ შესაბამისი სამსსახურების წარმომადგენლებს რამდენიმე დღე უშედეგოდ ელოდნენ.
“მდინარე რიონმა ჩვენი ყანები დატბორა, დარჩენილი სადღაც 20-25 %. 150 მეტრზეა დამბა გასაკეთებლი და ამის გამო რა დღეში ვართ. ხალხი ფაქტიურად შიმშილის ზღვარზე დარჩენილი. ადიდებულმა რიონმა შემოაღწია სოფელშიც. დატბორა ყველაფერი. საძროხეში საქონელს ვერც კი დააბამ” – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც ადგილიდან ვიდეობს ავრცელებენ.
მეზობელი სოფლის მაცხოვრებელი ამბობს, რომ მათთან დაკავშირებაც შეუძლებელია, რადგან ელექტროენერგიის უქონლობის გამო, ტელეფონებიც კი არ აქვთ მწყობრში.
“3 დღეა ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები, მოწყვეტილები არიან, კუნძულივით და ირგვლივ წყალი აქვთ ამ ხალხს. არც სასმელი,არც საჭმერლი, თუ თვითონ აქვთ რამე სახლში მომარაგებული, თორე აქედან ვერნაიარად ვერ მიაწოდებ. რიონი რამდენიმე წლის წინ ადიდდა, დამბა გაარღვია, დამცავი ჯებირი და მოსახლეობასთან შედის წყალი და აწიოკებულები არიან. 3 დღეა შუქი არ აქვთ და ტელეფონებზეც ვერ ვუკავშირდებით, სანამ წყლის დონე არ დაიწევს, დონეზე არ დადგება, მანამდე ვერანაირად ვერ შეხვალ და ვერ ნახავ იქაურ სიტუაციას” – ამბობს მეზობელი სოფლის მაცხოვრებელი.
“ტვ პირველის“ ინფორმაციით, სოფელში 4 ოჯახია დარჩენილი, რომლებიც სენაკის მერიისგან მოითხოვენ, მივიდნენ ადგილზე, გაეცნონ პრობლემებს და მოაგვარონ, რადგან ყოველი უხვი ნალექის შემდეგ, ერთიდაიგივე მეორდება.
