დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელთმსახური მამა გურამ ოთხოზორია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ადამიანის დანიშნულების შესახებ საუბრობს. მისი თქმით ადამიანის მისია ეგოიზმის დათრგუნვა და ეგოზე ამაღლებაა.
“…ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი შეძლებს თავის მიწიერ ბუნებაზე ამაღლებას, ეს ნიშნავს, რომ თავის მისიას პასუხობს და საკუთარ თავს იბრუნებს. აი, ესაა ადამიანის დანიშნულება წუთისოფელში, რასაც ეხმარება მისი ბიოლოგიური ბუნება. თუ ადამიანი ამ წერტილამდე არ მივა და არ გააცნობიერებს, რომ მისი დანიშნულება არ არის, იყოს მხოლოდ დედა, მამა, შვილი; უნდა გამრავლდეს და იმუშაოს, რომ შემდეგ ჭამოს, ვერ ამაღლდება მისიის ადამიანამდე. როდესაც ადამიანი თავისი მისიის შესრულებაზე არ არის ორიენტირებული და მხოლოდ მიწიერში ტრიალებს, ყოველთვის დაეწყება კრიზისი. ადამიანმა რადიკალურად უნდა შეცვალოს თავისი ცხოვრება, რომ მიაგნოს იმის ფესვს, თუ რატომ ემართება მუდმივად ერთი და იგივე?! ვისაც მხოლოდ ამქვეყნად აქვს ქრისტეს იმედი, ყველა ადამიანზე უბედური არისო, წერს პავლე მოციქული; ვინაიდან ქრისტე იმისთვის კი არ მოსულა, რომ აქ ვიყოთ კარგად, არამედ იმისთვის, თუ როგორ გამოვიდეთ იმ ხლართიდან, რასაც ჰქვია წუთისოფელი. ანუ წუთისოფელი არა, როგორც მოცემულობა, არამედ, როგორც ჩემი ეგოთი გაჯერებული წარმოდგენა სამყაროზე, რომლითაც გადავფარე სამყარო, როგორც სამოთხე. პატარა ბავშვს რომ მისცე საღებავები, რაღაცას დაჯღაბნის, მაგრამ მხატვარი, აურევს ამ ფერებს და შექმნის ნახატს. ცხოვრებაც ნახატივით უნდა დავხატოთ. ღმერთმა წინასწარ არ დაგვიხატა და გარკვეული პირობითაც მოგვცა. ადამიანი არ არის ობიექტური რეალობა და საერთოდაც არაფერია ობიექტური, ადამიანი არის თავისი თავის შესაძლებლობა და გამოყენების შანსი, არ გამოიყენებ და ესე იგი, არც არსებობ. წუთისოფელი არის ჩვენი შესაძლებლობებით გაფუჭებული სამოთხე. თუ მე ავრიე ფერები და შევქმენი წუთისოფელი, რომელიც მტანჯავს, ანუ თუ ჩემში გაფუჭების მექანიზმი დევს, მისი გამოსოწორების მექანიზმიც ხომ უნდა იდოს, რომ თავდაპირველ მდგომარეობაში დავაბრუნო?! და ეს არის მიხვედრა, გონს მოსვლა, მონანიება. უნდა მივხვდე, რომ მე ვაფუჭებ ყველაფერს და ჩემი პრობლემები არც ღმერთის ბრალია და არც ცხოვრების, ვინაიდან თავისთავად არც ეს წუთისოფელი არსებობს. ის ცხოვრება, რომელიც მტანჯავს, ჩემი შექმნილია. მე გადავაქციე სამოთხე ჩემი ყოფის სიმწარედ, თორემ ობიექტურად ის არც არის. მაგრამ ჩემშივე დევს მექანიზმი, რომ პირიქით გარდავქმნა. რაც მემართება, ღმერთმა დაუშვა, თუ ჩემი უგუნურების შედეგია? თუ ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს თავის ცხოვრებაზე, პასუხი აუცილებლად მოვა და დაგვირგვინდება გაცნობიერებით…” – წერს მამა გურამ ოთხოზორია