განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე 6 მოწმეს დაკითხავენ.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს და აღნიშნული მოწმეები ბაგა-ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით ისაუბრებენ.
როგორც საქმის პროკურორმა ნათია თათიაშვილმა აღნიშნა, მოწმეები კორუფციულ სქემასა და თანხების გადანაწილებაზე ისაუბრებენ.
„გრიგოლ ლილუაშვილს ერთ ეპიზოდად წარდგენილი აქვს ბაგა-ბაღების სააგენტოს მეშვეობით ქრთამის აღების ბრალდება, შესაბამისად, ბრალდების მხარე მტკიცებულებათა გამოკვლევას აგრძელებს, დღეს, 6 მოწმე იქნება წარმოდგენილი. ისინი ისაუბრებენ იმ გარემოებებზე, თუ როგორ ხდებოდა კორუფციული სქემა, რას მოიცავდა, როგორ ნაწილდებოდა აღნიშნული თანხები.
თითოეული მოწმე, რომელიც სასამართლოში დაიკითხება, ბუნებრივია, შემხებლობაშია გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.
სქემა – კონკრეტულად როგორ ხდებოდა ბაგა-ბაღების სააგენტოში, კორუფციული სქემა რას მოიცავდა – მეწარმე სუბიექტებთან შეთანხმება, ან შეთანხმების შედეგად ვისთან როგორ ნაწილდებოდა აღნიშნული თანხები, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით იკითხებიან ეს მოწმეები”,- განაცხადა თათიაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
