ოზურგეთში, რესტორან “ფიროსმანში” მომხდარი დაჭრის ფაქტზე ძებნილი თამაზ ტრაპაიძე დაკავებულია. “ტვ პირველის” ინფორმაციით, 7 მაისს მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაში ბრალდებული თბილისში დააკავეს.
დაკავების ფაქტი “ტვ პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, რესტორან “ფიროსმანში” 28 წლის ბექა პატარავა 7 მაისს დაჭრეს. ახალგაზრდას მუცლის ღრუში შემავალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. სისხლიანი ანგარიშსწორებიდან მალევე, პოლიციამ რესტორნის მფლობელი გიორგი გობრონიძე დააკავა.
წყარომ “ტვ პირველს” მაშინვე უთხრა, რომ 23 წლის გობრონიძეს, რომელიც წარსულში ორჯერ, ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით არის ნასამართლევი, თან ახლდა ერთი პირი, რომელიც სისხლიან გარჩევაში მონაწილეობდა და ის ამ დრომდე მიმალვაში იყო.
“ტვ პირველს” დაჭრილის ოჯახის წევრები უყვებიან, რომ როცა ბექა პატარავა რესტორნიდან გამოვიდა და მანქანაში ჯდებოდა, მას გიორგი გობრონიძე დაეწია და ჭრილობა სამზარეულო დანით მიაყენა. ამის შემდეგ კი პატარავას ასევე სამზარეულო დანით ჭრილობა მიაყენა გობრონიძის თანმხლებმა პირმაც. ოჯახის წევრების თქმით, პატარავას ამ დროს თან ახლა მისი მეუღლე, ხელში კი 8 თვის ბავშვი ეჭირა.
გიორგი გობრონიძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. როდის იმსჯელებს სასამართლო მეორე დაკავებულის თამაზ ტრაპაიძის აღკვეთის ღონისძიებაზე უცნობია.
