მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყანაში ემიგრაციის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხი საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მისი თქმით, წლების განმავლობაში ბევრ ოჯახს მძიმე სოციალური პირობების გამო ემიგრაციაში წასვლა მოუხდა, რამაც გავლენა როგორც ოჯახებზე, ისე მთლიანად საზოგადოებაზე მოახდინა. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
მაკა ბოჭორიშვილის მტკიცებით, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც მოქალაქეებს ქვეყანაში დარჩენისა და დაბრუნების მოტივაციას მისცემს.
ამასთან, ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ ქვეყანაში “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ბევრი შესაძლებლობებია.
“სამწუხარო რეალობაა, რომ ძალიან ბევრი ბავშვი გაიზარდა დედის ან მამის გარეშე, იმიტომ, რომ მათ მოუწიათ წლების წინ ემიგრაციაში წასვლა. ეს საზოგადოებაზე ბუნებრივად აისახება და ვისურვებდი, რომ ასეთი რამ აღარ ხდებოდეს და უფრო მეტად იყოს ოჯახი გაძლიერებული. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი სტაბილურობა, სტაბილური ეკონომიკური განვითარება, რომ ჩენმა ქვეყანამ შეძლოს, იყოს უფრო მიმზიდველი ქვეყანა და ჩვენი ემიგრანტებიც ფიქრობდნენ სამშობლოსთან კავშირზე, სამშობლოში ყოფნაზე და სწორედ აქეთ არის ჩვენი ხელისუფლების მთელი ფიქრი და მუშაობა მიმართული. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც უბრუნდებიან ქვეყანას, ხედავენ შესაძლებლობებს, რაც საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, როდესაც მიმოსვლა თავისუფალია, ეს ყველგან ხდება, ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიდაც ხდება” – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
