“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ მტკივნეულია ნებისმიერი პატიმრის, განსაკუთრებით ახალგაზრდის მდგომარეობა, თუმცა მათი გათავისუფლების საკითხი მისი გადასაწყვეტი არ არის.
კერძოდ, ცოტნე ივანიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა აქციების ფარგლებში დაკავებული პირების შეწყალების საკითხზე, რაზეც ცოტნე ივანიშვილმა თქვა, რომ პატიმრობის ფაქტებს განიცდის.
„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის. მეც პირადად, რა თქმა უნდა, განვიცდი ამ ფაქტებს, ამის იქით, ეს არ არის ჩემი განსასჯელი. ამას განაპირობებს შესაბამისი უწყებები და მთავრობა. ამაზე მეტს ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. პირადად შემიძლია გითხრათ ის, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განვიცდი წუხილს და ამის იქით, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სტრუქტურებმა“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ასევე, მას კითხვა დაუსვეს სანქციებთან დაკავშირებითაც, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ „ეს ყველაფერი მანიპულაციურია“.
„სანქციებთან დაკავშირებით. მგონი, უკვე კარგად დაინახა ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ მანიპულაციური არის. ჩემი აზრით, ქართული საზოგადოება უკვე მტკიცედ დგას ამ ყველაფრის წინაშე და ყოველთვის დაიცავს ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს“, – დასძინა ივანიშვილმა.
