ტყის არამერქნული რესურსებით და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის უფლება მეწარმე ფიზიკურ პირებსაც მიენიჭებათ. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს მთავრობამ მიმართა.
“ტყის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით, ტყის არამერქნული რესურსებით და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სპეციალური სარგებლობის უფლება მხოლოდ იურიდიულ პირებს აქვთ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში განმარტავს, პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული საქმიანობით დაინტერესებულნი არიან ინდივიდუალური მეწარმეებიც, რომლებიც “მეწარმეთა შესახებ“ კანონით სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, თუმცა იურიდიულ პირებად არ ითვლებიან.
უწყების შეფასებით, “ტყის კოდექსის“ მოქმედი რეგულაცია მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, რის გამოც მიზანშეწონილია არსებული რეგულაციის შეცვლა და ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მეწარმე ფიზიკური პირებისთვის მინიჭება.
“ტყის კოდექსში“ სხვა ცვლილებებიც შედის. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს:
დაცულ ტერიტორიებზე ტყის სამეურნეო, სანიტარული მოვლითი და სარეკონსტრუქციო ჭრების შედეგად მიღებული მერქნის გამოყენებას ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად;
განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის დროს მოჭრილი საშეშე მერქნის მიზნობრივ გამოყენებას ადგილობრივი მოსახლეობისა და სასაზღვრო პოლიციის სათბობი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
კერძო საკუთრებაში არსებული ტყით დაფარული ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებული რეგულირების მოქნილ სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას, ტყეთმოწყობისა და მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესების დასრულების შემდეგ.
