გარდაბანში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.
„პაციენტს აღენიშნება მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანება, კიდურის მოტეხილობა. გაკეთდა ოპერაციები და რეანიმაციაშია. ჯერჯერობით ახალი არაფერია“, – განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.
გარდაბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
