„ქართული ოცნება“ სამშენებლო სექტორისთვის წესებს ამკაცრებს — კომპანიები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს დათქმულ ვადაში ვერ დაასრულებენ, შესაძლოა შავ სიაში მოხვდნენ და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა შეეზღუდოთ.
“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ახალი მიდგომა იმ კომპანიებს შეეხება, რომლებიც გზების, ხიდებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებას აჭიანურებენ ან ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ. მთავარი სიახლე კი ისაა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილი კომპანიები ვეღარ შეძლებენ სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ახალი სახელმწიფო ტენდერების მიღებას.
ირაკლი კობახიძე ამტიცებს, რომ ცვლილებების მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის გაუმჯობესება და სექტორში არსებული პრობლემების აღმოფხვრაა. ამასთან, “ქართული ოცნების” ლიდერი ირწმუნება, რომ წინა ხელისუფლების დროს ამ სექტორში მეტი პრობლემები იყო, ვიდრე ახლაა.
“დღეს ჩვენ სექტორის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი, რომლებიც გააჯანსაღებს სექტორში ვითარებას. მთავარი ამოცანაა, რომ მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხი, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები და ამასთან ერთად, გვინდა, რომ გავაძლიეროთ მაქსიმალურად კომპანიები.
პირველ რიგში, რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რომ შევადაროთ ჩვენი ხელისუფლების დროს გაკეთებული საქმეები თქვენი ხელისუფლების გაკეთებულ საქმეებს, იგივე გზებთან მიმართებით, გზების მშენებლობის ტემპი არის დაახლოებით 5 ჯერ გაზრდილი.
რაც შეეხება პრობლემებს, პრობლემებიც იყო და სწორედ იმის გამო, რომ დავინახეთ პრობლემები, ჩვენ განვახორციელეთ პრინციპული ცვლილებები ინფრასტრუქტურის სფეროში. ანუ თქვენზე 5-ჯერ უკეთესად ვმუშაობდით, მაგრამ მაინც დავინახეთ პრობლემები. კორუფცია და უცოდინრობა იყო თქვენი პარტიის და თქვენი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მოვლენა” – ამბობს კობახიძე.
ინფრასტრუქტურულ პროექტებში არსებული შეფერხებებისა და დაგეგმილი ცვლილებების დეტალებზე საუბრობს ინფრასტრუქტურის მინისტრი რეზი სოხაძეც. მისი თქმით, უწყებას დღეს უკვე გაჭიანურებული პროექტების მართვა კრიზისულ რეჟიმში უწევს, რის გამოც ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულებების შეწყვეტაც არ გამოირიცხება.
“ვფიქრობ, ის გადაწყვეტილებები, რაც დღეს გავაჟღერეთ ჩვენ, არის მართლაც რევოლუციური ამ სექტორისთვის. რა თქმა უნდა, გვაქვს გაჭიანურებული პროექტები. ჩვენ კრიზისულ პირობებშ ვმართავთ ამ პროექტებს, ზოგი დასრულდება, ზოგთა მოგვიწევს ალბათ ხელშეკრულების გაწყვეტა. ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის, როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს და როგორ მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები იმისთის, რომ ქვეყანამ, საბოლოო ჯამში, შედეგი მიიღოს. შავი სიების მიმართულებით მიდგომები მკაცრდება და ის კომპანიები თუ კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც არ ასრულებენ თავის ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე, მათ შეეზღუდებათ ტენდერებშ მონაწილეობის მიღება, – ამბობს სოხაძე.
