სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო თბილისში, ევროპის მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა, რომელიც 16 ივნისს გაიმართა.
“ზოგჯერ მინდა სამუდამოდ ამოვიგლიჯო გულიდან ეს ქვეყანა და აღარასოდეს, აღარასოდეს არ მოვიხედო უკან. რამდენიმე წრე ვუტრიალე ევროპის მოედანს და ტირილი მომინდა. ბუშტების გამყიდველების და ჟურნალისტების მეტი არავინ იდგა იქ, რომ ელჩებს მაინც დაენახათ ადამიანების ერთობა. რა დაანახეთ ევროპას? რომ პრეზიდენტი არ წარმოადგენს თქვენთვის ისეთ მინიმალურ მნიშვნელობასაც კი, რომ 2 საათით გაჩერდეთ ერთ ადგილას იმ სათქმელით, რომ განურჩევლად ყველა მიზეზისა, საზოგადოებას ვერ განაცალკევებს ვერაფერი ამ გრძელ გზაზე? აუცილებლად ტრიბუნა უნდა გაგიშალონ, მონიტორები გამოგიტანონ და ლამაზი ბილბორდებით შეგეგებონ, რომ რამე იდეა მაინც იყოს თქვენთვის ღირებული?
ასეთ ზიზღით, ბოღმით და გაუტანლობით სავსე ქვეყანაში, არაფერი აღარ მიკვირს. საშინლად იმედგაცრუებული ვარ. ისე არაფერი მართავს ხალხს, როგორც ზიზღი. მიუქსიე ვინმეს და მივა! ვერა და ვერ, ვერ მივიდა ჩვენი საზოგადოება იმ შეგნებამდე, რომ ზოგჯერ ზიზღის და კერპების გამო კი არა, შენი ქვეყნისთვის, შენი მომავლისთვის ყველაფრის გვერდზე გადადებაა საჭირო.
სალომე ზურაბიშვილს დიდი პატივისცემა ჩემგან. ვაფასებ თქვენს პრინციპულობას და გამძლეობას ასეთ მდარე, ბნელ და ბეც საზოგადოებაში. თქვენს ადგილზე მე ალბათ გულის შეტევა დამემართებოდა იმ წრეზე, იმ საშინელი გულგრილობის დანახვისას ცხადში. უფრო მეტად გული მწყდება იმ ელჩებზე, რომლებსაც ეს საცოდაობა დახვდათ. ეტყობა სალომესთან ერთად ის ელჩებიც, სრულიად ევროპა და ამერიკა იდგა ბიძინას დასაცავად – ასეც არ ფიქრობთ იმედია.
ნაც/ქოცებო (მხარეებო), აქ ღლიცინი არ დაიწყოთ “მაშინ შეიწყალოს” და ბლა ბლა! იქნებ შეეწყალებინა კიდეც, აი ასეთი პოლარიზებული, ერთმანეთის ღრღნით მაძღარი რომ არ ყოფილიყავით. შეიწყალოს კი არა, თავში ხელებს შემოარტყმევინებთ ადამიანს. შეიძლება დაუნდობელ ურჩხულადაც კი აქციოთ, ისეთი ბოროტებაა გაჟღენთილი ამ ქვეყნის ჰაერშიც კი.
გაოგნებული ჟურნალისტების ხმა მესმოდა – ასეთი არაორგანიზებულობა არ გვინახავსო – ორგანიზება სჭირდება თურმე აზრის დაფიქსირებას… სირცხვილი თქვენ. – წერს დომენიკ მანგო