ირანმა აშშ-ს მოლაპარაკებების განახლებისთვის ხუთი წინაპირობა წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის სამთავრობო მედია Fars-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.
ირანის წარმომადგენლის თქმით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასაწყებად საჭიროა ეს წინაპირობები შესრულდეს.
მაქსიმალისტური პუნქტები შემდეგია:
- ომის ყველა ფრონტზე შეჩერება, მათ შორის ლიბანში;
- ირანის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციების მოხსნა;
- გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლება;
- ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურება;
- ჰორმუზის სრუტეზე ირანის სუვერენიტეტის აღიარება.
ირანის სამთავრობო მედიის წყაროს თქმით, ამ წინაპირობების შესრულება საჭიროა, რათა მოლაპარაკებების წინ ნდობის მინიმალური დონე გაიზარდოს.
ეს წინადადებები ირანმა აშშ-ს მას შემდეგ გაუგზავნა, რაც თავად ვაშინგტონიდან 14-პუნქტიანი წინადადება მიიღეს. ამ წინაპირობებში შედიოდა თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 10 მაისს თქვა, რომ ირანის პასუხი მიიღო, რაც არ მოეწონა და “მიუღებელი” უწოდა. ტრამპს არ უთქვამს, თუ რას მოიცავდა ირანის შეთავაზება.
