აქციებზე დაზარალებული ჟურნალისტი გურამ როგავა აცხადებს, რომ ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე ძალადობის საქმე მხოლოდ რამდენიმე სპეცრაზმელის დაკავებით არ უნდა შემოიფარგლოს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც უშუალო შემსრულებლებს, ისე იმ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ბრძანებები გასცეს და დანაშაულში მონაწილე პირებს მფარველობდნენ.
როგავა ასევე საუბრობს შესაძლო გარიგებებზე სამართალდამცველებთან და ამბობს, რომ ჟურნალისტებს აქვთ ინფორმაცია, თითქოს სპეცრაზმელებს შედარებით მსუბუქ სასჯელსა და შემდგომ შეწყალებას ჰპირდებოდნენ.
“მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს ყველა, ვინც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ დანაშაული ჩაიდინა და მხოლოდ რამდენიმე საქმეზე, ისიც ფორმალური და იძულებითი რაგირება არაფერს ცვლის, მითუმეტეს, როცა საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. მნიშვნელოვანია, რომ დაისაჯონ არა მხოლოდ სპეცრაზმელები, არამედ მათი ზემდგომი მაღალჩინოსნები, ის პირები, ვინც ბრძანება გასცა და ვინც მფარველობდა დამნაშავეებს.
მე მოვითხოვე ჩემს საქმეზე ზვიად ხარაზიშვილის, დავით არანაულის, ვასილ გასვიანის, ლუკა დილაშვილის გამოკითხვა. ჟურნალისტებს სანდო წყაროებიდან ასევე აქვთ ინფორმაცია, როგორ დაჰპირდნენ სპეცრაზმელებს, რომ მათ შედარებით მსუბუქ სასჯელს მიუსჯიდნენ და მერე შეწყალებით თუ სხვა მექანიზმების გამოყენებით მალევე დაატოვებინებდნენ საპატიმროებს. ამ გარიგებისთვის მათ საკმაოდ მაღალ ფულად ჯილდოს დაჰპირდნენ ივანიშვილის შავი სალაროდან” – ამბობს გურამ როგავა.
ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს – განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გააკეთა.
ირკვევა, რომ 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.
