რიგ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ეს თანამდებობის პირები არიან: – მინისტრების მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრების მოადგილეები, რწმუნებულების მოადგილეები და მერების მოადგილეები.
შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს მთავრობის ადმინისტრაციამ მიმართა. ცვლილებები “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში იგეგმება.
მოქმედი კანონით, სახელმწიფო-პოლიტიკურ და პოლიტიკურ თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ ეძლევათ. სახელფასო დანამატისა და ჯილდოს გაცემის შესაძლებლობა შეზღუდულია როგორც მთავრობის წევრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერებისთვის, ასევე მათი მოადგილეებისთვის.
კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სახელფასო დანამატი გაიცემა ზეგანაკვეთური სამუშაოს ან დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენება-უქმე დღეს და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის. სახელფასო დანამატი ზემდგომი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში გაიცემა.
რაც შეეხება ფულად ჯილდოს, კანონის პროექტის გათვალისწინებით, მისი გაცემა დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესარულებისთვის შეიძლება მოხდეს. სახელფასო დანამატის ანალოგიურად, ფულადი ჯილდოც ზემდგომი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში გაიცემა.
“ცვლილებებით გათვალისწინებულ პირთა წრე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს უწყებათა ხელმძღვანელების მიერ განსაზღვრული ამოცანების ჯეროვან შესრულებაში. სწორედ მათზეა დამოკიდებული განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ძირითადი ტვირთი. აღნიშნულ პირთა მატერიალური სტიმულირების შესაძლებლობა მათი შრომის წახალისების მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება. აღნიშნული ცვლილებების განხორციელება ასევე ხელს შეუწყობს უწყებათა საქმიანობის ცალკეული მიმართულებების ეფექტიანობის ზრდას და წახალისებას“, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
