თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით წოწკოლაურის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ამასთან, “ტვ პირველმა” საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია. ირკვევა, რომ ბრალდებული მის მეგობარს, რომელთანაც კონფლიქტი ჰქონდა, სისტემატიურად უთვალთვალებდა. ბოლოს, ბრალდებულმა მეგობარი შარტავას ქუჩაზე ნახა. ლუკა ლალიაშვილმა დავით წოწკოლაურს დანა ექვსჯერ დაარტყა, მათ შორის ორჯერ გულ-მკერდის არეში. მიღებული დაზიანებები ახალგაზრდა მამაკაცისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
სასამართლო პროცესზე დღეს ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულმა დანაშაულის იარაღი – დანა და ასევე მისი მობილური ტელეფონი მოიშორა.
საქმის პროკურორი “ტვ პირველთან” განმარტავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
“ბრალდების მხარემ იმ ფარგლებში, რაც საჭიროა იყო აღკვეთის ღონისძიებისთვის, სხდომაზე განიხილა, სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოიშორა დანაშაულის საგანი, ასევე მობილური ტელეფონი, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მისი დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები. ყველა საკიტხის გამოკვლევას აპირებს რბალდების მხარე, დეტალურად გამოარკვიოს მათ შორის შურისძიების მოტივთან არსებული კითხვის ნიშნები და შესაბამისად, სასამართლომ აბსოლუტრად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და შეუფარდა ორივე ბრალდებულს პატიმრობა” – ამბობს ლევან ვეფხვაძე.
რაც შეეხება ბრალდებულების პოზიციას, სასამართლო პროცესზე არც მთავარ ბრალდებულს, ლუკა ლალიაშვილს და არც მის თანამზრახველს დუმილი არ დაურღვევიათ.
ბრალდებულების ადვოკატი კი ამბობს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მათ დანაშაულს არ ადასტურებს.
