საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების საორგანიზაციო საკითხები, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ.
დეკანოზის თქმით, სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით.
„11 მაისს მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად, ჩანიშნული არის გაფართოებული კრება, ნომრით #14. იქნება კენჭისყრა ამ კრებაზე 3 საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთის შესარჩევად. ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა.
საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით დეტალები ნაწილობრივ ცნობილია საზოგადოებისთვის, თუმცა დავაზუსტებთ, რომ სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც არის შედგენილი ბოლო პერიოდის განმავლობაში და ესეც არის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით დარეგულირებული, ასევე, ეპარქიებიდან და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან შედგენილი სია იმის მიხედვით, თუ როგორ არის გაწერილი მართვა-გამგეობის დებულებაში. მომსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა. ამით მოხდება სიაში იდენტიფიცირება.
შესვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან. 12:00 საათამდე უნდა მოხდეს სტუმრების და დელეგატების მიღება. ამ პერიოდისთვის უკვე მღვდელმთავრებიც მობრძანდებიან საკათედრო ტაძარში და დაიწყება კენჭისყრისთვის მზადება”,- განაცხადა ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოში განმარტეს, რომ სხდომის ნაწილი დახურულია, კერძოდ, პირდაპირ ეთერში გადაიცემა კენჭისყრის პროცესი, ასევე, შედეგის გამოცხადება, ხოლო დათვლის პროცესი იქნება დახურული.
