მხოლოდ მადლის მეშვეობით შეგვეძლება ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ ჩვენ ყველას გველის, – ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა.
მეუფე შიოს თქმით, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მომავლისთვის იქნება მნიშვნელოვანი. მან ხაზი გაუსვა, რომ სინოდმა უნდა შეძლოს ისეთი არჩევანის გაკეთება, რომელიც „ღვთის ნებით, ეკლესიისა და ერის სასარგებლოდ“ იქნება მიღებული.
მისი თქმით, ხვალინდელი დღე უნდა გახდეს ილია მეორის გზის გაგრძელების საფუძველი — ერთსულოვნების, მშვიდობის, ეკლესიის ერთგულებისა და ქვეყნის გაერთიანების გზის.
“მხოლოდ მადლის მეშვეობით შეგვეძლება ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ ჩვენ ყველას გველის. ეს არის დიდი, გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს -პატრიარქის გამორჩევა. ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი, ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი, ღვთის ნებით, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო ისევე, როგორც 49 წლის წინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს ერში. ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს გზის გაგრძელების. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთისმსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობის და გაერთიანების თავგანწირული მსახურების. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
შეგახსენებთ, რომ პირველად ნახევარი საუკუნის შემდეგ ეკლესია ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება. ისტორიული კრების დაწყებამდე 26 საათია დარჩენილი. ვინ გახდება ახალი კათოლიკოს პატრიარქი, ამას სინოდი ხვალ ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს. ეკლესიის ახალ მმართველს 20 ხმა სჭირდება.
