„აქ სულელები არავინ ვართ…“ — ასე პასუხობს ლევან ხაბეიშვილი მის წინააღმდეგ თავდასხმიდან ორი წლის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას. განსასჯელის სკამიდან ის პროკურატურას მიმართავს და ამბობს, რომ მისი ცემისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე წერტილის დასმას ვერ შეძლებენ.
დაპატიმრებულ პოლიტიკოსს არ სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ძალადობის საქმეების სრულფასოვანი გამოძიება რეალურად აქვს გადაწყვეტილი. მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ მის ცემაში არა ორი, არამედ ათობით ძალოვანი მონაწილეობდა.
თუმცა საქმე ამით არ სრულდება. ლევან ხაბეიშვილი სასამართლო პროცესზე აცხადებს, რომ მზად არის ჩვენება მისცეს ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ წინააღმდეგ. დაპატიმრებული პოლიტიკოსის თქმით, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მის წამებაში მონაწილეობდა და სასტიკ ანგარიშსწორებას ტელეფონით იღებდა.
ხაბეიშვილმა ასევე დაასახელა „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნების სახელები და გვარები, რომლებიც, მისი თქმით, შესაძლოა მშვიდად ადევნებდნენ თვალს პოლიტიკურ ოპონენტზე შურისძიებას.
დაინტერესდება თუ არა გამოძიება ხაბეიშვილის ჩვენებით და გამოკითხავენ თუ არა მის მიერ დასახელებულ პირებს ძალადობის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში — ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკოსი პოლიტიკურ ვერდიქტს „პოლიტიკური დაპირების“ საქმეზე 20 მაისს მოისმენს.
