წამყვანი მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ 2026 წელი დედამიწის ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი იქნება. მათი შეფასებით, ამას კლიმატის ცვლილება და ელ-ნინიოს ძლიერი ეფექტი გამოიწვევს.
ამჟამად რეკორდულად ყველაზე ცხელი წელი 2024-ია, როდესაც გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ პირველად გადააჭარბა ინდუსტრიალიზაციამდელ მაჩვენებელს 1,5°C-ით.
სპეციალისტების განმარტებით, 2026 წლის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, დაიწყება ელ-ნინიოს ფაზა — ბუნებრივი კლიმატური პროცესი, რომლის დროსაც წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში წყლის ტემპერატურა იზრდება და მთელ პლანეტაზე დათბობას იწვევს. ზოგიერთი მოდელის მიხედვით, მოსალოდნელია განსაკუთრებით ძლიერი, ე.წ. „სუპერ ელ-ნინიო“.
კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი James Hansen და მისი კოლეგები მიიჩნევენ, რომ ტემპერატურული რეკორდი შესაძლოა უკვე 2026 წელს დამყარდეს.
მეცნიერების თქმით, ამჟამად პლანეტის ტემპერატურას ლა-ნინია ამცირებს, თუმცა ელ-ნინიოს დაწყების შემდეგ გლობალური დათბობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
კვლევების თანახმად, ელ-ნინიოს ფონზე მსოფლიოში გაიზრდება ექსტრემალური ამინდის მოვლენების რისკიც — მათ შორის, სითბური ტალღების, გვალვების, ტყის ხანძრებისა და ძლიერი კლიმატური ცვლილებების.
განსაკუთრებული საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ავსტრალია, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ცენტრალური და სამხრეთი აფრიკა, ასევე ამაზონის ტყეები.
თუმცა, ყველა მეცნიერი ერთ აზრზე არ არის. ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მოხსნის თუ არა 2026 წელი 2024-ის რეკორდს.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ელ-ნინიოსა და გლობალური დათბობის ერთობლიობა მსოფლიოსთვის უპრეცედენტო კლიმატურ გამოწვევებს შექმნის.
ინფორმაცია გამოცემა New Scientist-ზე დაყრდნობით გავრცელდა.
