ვადასტურებთ, რომ [გიორგი უძილაურის ბრალდების] საქმეში მოპოვებულია პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ ჯაშუშობის ფაქტს, – ამის შესახებ პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ განუცხადა.
რაც შეეხება უშუალოდ საქმის გამოძიებას, ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა გარემოებების დასახელება, რომ მარტო მოქმედებდა თუ არა გიორგი უძილაური, ასევე მიზნებისა და მოტივების დასახელებაც, პროკურორის განმარტებით, გამოძიების ინტერესებს დააზიანებს. პროკურორის თქმით, საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
„სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ საქართველოში გამოვლინდა ჯაშუშობის ფაქტი. დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალების შესაბამისად აგროვებდა და გადასცემდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას. დღევანდელ პროცესზე განხილულ იქნა აღკვეთის ღონისძიების საკითხი და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა“, – განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.
მისი განმარტებით, ბრალდებული უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქართველოში აგროვებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაციას სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე ეთნიკური უმცირესობების შესახებ.
„რაც შეეხება კონკრეტიკას, უცხო ქვეყნის დასახელებას, ასევე კონკრეტულ მტკიცებულებებს – საქმეზე გამოძიება არის მიმდინარე პროცესში, არის ჯაშუშობის ფაქტი, შესაბამისად, დამატებით ინფორმაციის გაჟღერება დააზიანებს როგორც გამოძიების, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს. საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ აღნიშნულ ფაქტს, ხოლო, თუ რა სახის მტკიცებულებებია, მტკიცებულებების კონკრეტიკის, გამოძიების მეთოდიკის გაჟღერებაც, რა თქმა უნდა, დააზიანებს გამოძიების ინტერესებს”. განაცხადა გოზალიშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
