კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის წამების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ არსებობს და ის კამპანია, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, არარსებულ ფაქტებზეა დაფუძნებული.
ამის შესახებ კალაძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან და მასში დასახელებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
„დამისახელეთ თუნდაც ერთი კონკრეტული ფაქტი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რაც წამებასთან არის დაკავშირებული. 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოვიგეთ არჩევნები, მოვედით ხელისუფლებაში და იმ დღიდან მოყოლებული არანაირი მტკიცებულებები, ფაქტები არ არსებობს ადამიანის წამების. არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ის კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არის სიცრუით, ტყუილით გაჯერებული და არარსებულ ფაქტებზე დაფუძნებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მოქმედი ხელისუფლებისთვის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, რომლის საწინააღმდეგო არაერთი განცხადება მასაც გაუკეთებია.
„ძალადობა და წამება სხვადასხვა რამეა. ძალიან დიდი განსხვავებაა მათ შორის. ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, მათ შორის მე, როგორც პოლიტიკოსმა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, თქვენგან განსხვავებით, რომლებიც ახალისებდით ძალადობას, ტაშ-ფანდური გქონდათ გამართული. მაგალითად, როდესაც ელისაშვილი თავს დაესხა მამუკა მდინარაძეს, რა კომენტარებს აკეთებდით, თქვენს გადაცემებში რა განმარტებები კეთდებოდა. ახალისებდით, ხელს უწყობდით ამ ყველაფერს. მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის“, – აღნიშნა კალაძემ.
ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში 12 მარტს გამოაქვეყნა.
