ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი ტელეეთერს დაუბრუნდა. ის “ტვ პირველის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ჟურნალისტ ეკო მაღრაძესთან ერთად წაიყვანს.
“უპირველეს ყოვლის მინდა დიდი მადლობა ვუთხრა “ტვ პირველის” გუნდს თბილი მიღებითვის. მე იმ გუნდის წევრი გავხდი რომელმაც უამრავი სირთულე გადაიტანა და ახლა ბრძოლის რეჟიმშია. ებრძვიან იმიტომ რომ ეშინიათ იმ სიტყვის, რომელიც ამ ეთერიდან ისმის. მუდმივი ზეწოლის და სამართლებრივი დევნის მიუხედავად ეს ტელევიზია არა მხოლოდ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, არამედ მუდმივად ვითარდება, წინ მიდის. ეს გამოარჩევს მას განსაკუთრებით ქართულ მედია სივრცეში.
მე გადავწყვიტე დავუბრუნდე იმ პროფესიას, რომელსაც ცხოვრების 25 წელი მივუძღვენი, რადგან ვთვლი, რომ ახლა სიტყვის და მედიის თავისუფლება უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. რატომ? ამაზე ვფიქრობ ზედმეტი განმარტებების გაკეთება საჭირო არ არის. ევროპარლამენტმა თქვა ჩვენი სათქმელი მთელი მსოფლიოს გასაგონად. ყველამ გაიგო საქართველოს ხელისუფლების გარდა. იმ ხელისუფლების რომლის კისერზეც არის 5 ივლისის ტრაგედია, ნიკა გვარამიას დაპატიმრება, დამოუკიდებელი მედიების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლოები, მათ შორის ამ ტელევიზიის მფლობელების წინააღმდეგაც.
დამოუკიდებელი მედია ზუსტად იმდენი ხნისაა რამდენიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ამ პერიოდში, ყველა ხელისუფლების დროს, იყო ბრძოლი რეჟიმში რომ თავისუფლბა არ დაეკარგა. დღეს გადამწყვეტი ბრძოლის მიჯნაზე ვდგავართ. ის ფანჯარა, რომელსაც თავისუფალი სიტყვა ქვია თუ დაიხურა მერწმუნეთ, ეს იქნება რუსული ოცნების ჩაბეტონება ქვეყანაში, მაგრამ ვერცერთი ხელისუფლება ვერ დადგება საქართველოს მოსახლეობაზე მაღლა, ვერცერთი ხელისუფლება ვერ შეგვაცვლევინებს იმ არჩევანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უკავშირდება.
ამიტომ არჩევანიც ერთია და გზაც ერთია – მხოლოდ წინ და მხოლოდ ევროპისკენ. ამ ბრძოლაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს და ჩვენ ჟურნალისტები კარგად ვათვიცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ რთულ გზაზე მედიას აკისრია. ამიტომ ყველამ ჩვენ ჩვენი აგური უნდა დავდოთ, რომ ჩვენი წინაპრების მეირ განსაზღვრული გზა ევროპისკენ ღირსეულად გავიაროთ.” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა