გახარიას წინააღმდეგ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ ჩვენებს აძლევენ. პირველი მოწმე, რომელიც სახელმწიფო ბრალდებამ მოწმის სტატუსით დაკითხა, ელგუჯა ხარაზიშვილი იყო. ჩორჩანას მიმდებარედ მცხოვრები პენსიონერი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ოკუპანტები ადგილობრივებს საგუშაგოს ჩადგმამდეც იტაცებდნენ, თუმცა, დაცვის მხარის დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ, თქვა რომ ზუსტად აღარ ახსოვს, ეს როდის ხდებოდა.
ჩვენება გახარიას წინააღმდეგ ჩორჩანას მკვიდრმა არჩილ ლომიძემაც მისცა. საჯარო სკოლის მასწავლებელი ამტკიცებს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმამდე მოსახლეობა მარტივად გადაადგილდებოდა, თუმცა შემდეგ ტყის ნაწილი ოკუპანტებმა მიითვისეს და საზღვრის დასაფიქსირებლად იქ დროშები ჩაარჭეს. მოწმე თავადვე განმარტავს,რომ არ იცის, რა გახდა საგუშაგოს ჩადგმის მიზეზი, თუმცა პასუხისმგებლობას ოკუპაციაზე პირდაპირ რუსეთს აკისრებს.
გიორგი გახარიას ქართულმა ოცნებამ ბრალი 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის გამო წაუყენა, გახარია ამბობს რომ ამით სოფლები რუსი ოკუპანტებისგან დაიცვა. დღეს მისი ადვოკატი პროცესზე ამტკცებდა, რომ ის რასაც ქართული ოცნება ამტკიცებს, ცხინვალის რეჟიმის ინტერესებში შედის.
20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ პრემიერ-მინისტრს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
