“მაგნიტსკის აქტის” ინიციატორი, ბილ ბროუდერი დიდი ბრიტანეთისგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს. ამის შესახებ მან ლონდონში განაცხადა, სადაც “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობასა და საქართველოში არსებულ მძიმე მედია გარემოზე იმსჯელეს.
“მაგნიტსკის აქტის” ავტორმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა და ის დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის წინააღმდეგ “ყველანაირი კომპრომატი არსებობს”.
ბილ ბროუდერის თქმით, ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან რუსეთის დავალებებს ასრულებს და თუ დიდ ბრიტანეთს ადამიანის უფლებების და პრესის თავისუფლების მცირედით მაინც წამს “ქართველი ოლიგარქი” უნდა დაასანქციროს.
ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა და დარწმუნებული ვარ, მის წინააღმდეგ ყველანაირი კომპრომატი არსებობს. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ის ძირითადად რუსეთის დავალებებს ასრულებს და ამას იმ დონეზე აკეთებს, რომ ახლა უკვე აღარანაირი განსხვავება აღარ არის იმაში, თუ როგორ ჩაგრავს საკუთარ ხალხს რუსეთი და როგორ ჩაგრავს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს.
საინტერესო ის არის, რომ არსებობს ის კაცი, ივანიშვილი, ოლიგარქი და მილიარდელი, რომელსაც ფული მთელ მსოფლიოში აქვს მიმოფანტული. საერთოდ რატომ შეიქმნა “მაგნიტსკის აქტი” – სწორედ იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დასჯის ნაცვლად, მიზანში ამოვიღოთ ის კონკრეტული ოლიგარქები, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ. თუმცა როგორც ჩანს, მას აქტივები დიდ ბრიტანეთშიც აქვს, რომელსაც ის ჯერ არ დაუსანქცირებია. დიახ, დიდ ბრიტანეთს ის ჯერ არ დაუსანქცირებია, ამაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა და რეალურად, ეს ძალიან მარტივი საქმეა. თუ გაერთიანებულ სამეფოს მცირედით მაინც წამს ადამიანის უფლებების, პრესის თავისუფლებისა და იმ ყველაფრის, რის ერთგულებაზეც ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად საუბრობს, მათ უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი და ყველა ის მოსამართლე, თუ პროკურორი, რომელიც მზიას [ამაღლობელი] უკანონო, არაადამიანურ და უფლებადამრღვევ პატიმრობაში არიან ჩართულნი,” – განაცხადა ბილ ბროუდერმა.
